მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტობირჟა, FTX-ი ციფრული სავაჭრო პლატფორმის, Robinhood-ის ყიდვას განიხილავს, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, FTX-ის ხელმძღვანელობა ფიქრობს, წავიდეს თუ არა ამგვარ გარიგებაზე და თუ კი – რა სახით. თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნულთან დაკავშირებით Robinhood-ს ოფიციალური წერილი ჯერჯერობით არ მიუღია. საინტერესოა, რომ ამ სიახლის გავრცელების შემდეგ Robinhood-ის აქციათა ფასმა 12%-ით იმატა.
პოტენციური შესყიდვის თაობაზე Bloomberg-ი FTX-ის დამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კომპანიის შესყიდვა არ იგეგმება. „აღელვებულნი ვართ Robinhood-ის ბიზნესის მომავლით და ჩვენ შორის არსებული პოტენციური პარტნიორობით, – თქვა ბენკმენ-ფრიდმა. – თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ Robinhood-ს შერწყმისა და შესყიდვასთან დაკავშირებით არ ველაპარაკებით“.
შეგახსენებთ, მაისში სემ ბენკმენ-ფრიდმა განაცხადა, რომ Robinhood-ის 7.6%-იან წილს ფლობს, რომელიც მან $648 მილიონად შეიძინა. თუმცა საინტერესოა, რომ აქციების შესყიდვის დროს ბენკმენ-ფრიდმა 13D-ტიპის ფორმა გამოიყენა, რომელსაც, როგორც წესი, მაშინ ავსებენ, როცა ინვესტორი კომპანიის 5%-ზე უფრო დიდ წილს ყიდულობს და თან, კომპანიის სრულად შესყიდვის უფლებას იტოვებს.
ცნობისთვის გეტყვით, რომ Robinhood-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ვლად ტენევი და კრეატიული ხელმძღვანელი, ბაიჯუ ბატი, ჯამურად, კომპანიის დაახლოებით 16%-ს და ხმათა 50%-ზე მეტს ფლობენ, ასე რომ, თუკი FTX-ი Robinhood-ის შესყიდვას გადაწყვეტს, სემ ბენკმენ-ფრიდს სწორედ მათი დარწმუნება მოუწევს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ FTX-ი სწორედ ის კრიპტობირჟაა, რომელიც საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნით არის დაინტერესებული, რისთვისაც, ამა წლის მაისში, კომპანიის წარმომადგენელთა ოფიციალური დელეგაცია საქართველოში იმყოფებოდა. მანამდე კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამა წლის თებერვალში FTX-ისდამფუძნებელს, სემ ბენკმენ-ფრიდს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.
დატოვე კომენტარი