ციფრული აქტივების ფასების დაღმასვლის ძლიერი ტენდენციის პარალელურად, კრიპტოინდუსტრია უდიდესი სკანდალის წინაშეა: მსოფლიოს უმსხვილესი ალგორითმული სტეიბლკოინი TerraUSD (UST) კოლაფსს განიცდის.
სტეიბლკოინი კრიპტობაზრის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტია, ამ ტიპის კრიპტოვალუტების არსებობის მთავარი დანიშნულება ტრანზაქციების გამარტივებაა. სტეიბლკოინების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა სახის კრიპტოაქტივებით ვაჭრობა, ერთმანეთში გადაცვლა და თანხის განაღდება.
სტეიბლკოინების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ღირებულება ყოველთვის ერთ ამერიკულ დოლარს უტოლდება, არც მეტს, არც ნაკლებს – გამყარებისა და გაუფასურების შემთხვევაში სტეიბლკოინი აზრს დაკარგავს, კრიპტოვალუტის სავაჭრო ბირჟები და ინვესტორები კი უდიდესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.
მსოფლიოს ათი უმსხვილესი კრიპტოვალუტიდან ოთხი სტეიბლკოინია, მათ შორისაა: USDT, USDC, BUSD და UST.
მიმდინარე კვირას UST-ის ბალანსი დაირღვა, მან დაკარგა 1UST = $1 პროპორცია და მისი ღირებულება 0.27 აშშ დოლარამდე შემცირდა, ანუ ერთი UST-ის სანაცვლოდ არა ერთი აშშ დოლარის, არამედ მხოლოდ 27 ცენტის მიღებაა შესაძლებელია. აღსანიშნავია, რომ მკვეთრი ვარდნის ტენდენცია ჯერაც არ შეჩერებულა და, შესაძლოა, სტეიბლკოინის ღირებულება კიდევ უფრო მეტადაც შემცირდეს.
ჩამოშლამდე რამდენი საათით ადრე UST-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 18.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ახლა კი ის უკვე $6 მილიარდზე ნაკლებია. 12.6 მილიარდი აშშ დოლარი – ეს ის პოტენციური ზარალია, რომელიც ინვესტორებმა და კრიპტობირჟებმა უკვე განიცადეს.
საგულისხმოა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სტეიბლკოინებისგან განსხვავებით, UST ალგორითმულია, ანუ მის ღირებულებას არა რეზერვში შენახული აქტივები, არამედ მეორე კრიპტოვალუტა – Terra (LUNA) ამყარებს, რომელიც ასევე UST-ის დამფუძნებელი კომპანიის მიერაა შექმნილი.
USDT-ისა თუ USDC-ის სიმყარის გარანტი ის სავალუტო რეზერვები და ობლიგაციებია, რომელთაც მათი გამომშვები კომპანია ფლობს, UST-ის სიმყარეს კი ალგორითმი წარმართავს, რომელიც ავტომატიზებულ არბიტრაჟზეა დაფუძნებული.
UST-სა და LUNA-ს შორის მიმართება შემდეგგვარია: იმ შემთხვევაში, თუ UST-ის ფასი ჩამოსცდება 1 აშშ დოლარს, ტრეიდერები UST-ს ცვლიან LUNA-ში, რაც მის მიწოდებას ამცირებს; თუკი ფასი აჭარბებს $1-იან ნიშნულს, მექანიზმი პირიქით მოქმედებს – ცირკულაციიდან იღებენ LUNA-ს, რაც ახალი UST-ის მიწოდებას ზრდის, ფასი კი მიზნობრივ დონეს უბრუნდება.
გარდა მოთხოვნა-მიწოდების კონტროლისა და არბიტრაჟისა, UST-ის ზედამხედველობას უწევს Luna Foundation Guard-ი – ორგანიზაცია, რომელიც აღნიშნული სტეიბლკოინისთვის დე-ფაქტო ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, მასაც აქვს გარკვეული რეზერვები და საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მიწოდებაზე ახდენს გავლენას.
ორი დღის წინ კონტროლის ყველა მექანიზმი და ბერკეტი ჩავარდა, UST-მ კი პირველად დაკარგა წონასწორობის წერტილი – ფუნდამენტშერყეული სტეიბლკოინის კოლაფსი კი მას შემდეგ სწრაფი ტემპით განვითარდა, რომელიც დღეს უკვე ერთგვარ კულმინაციურ ეტაპს აღწევს.
UST-ის ჩამოშლის პარალელურად, 87%-ით შემცირდა მისი მაკონტროლებელი კრიპტოვალუტის, LUNA-ს ფასი, რომლის საბაზრო ღირებულებაც ორ დღეში 30 მილიარდი აშშ დოლარიდან $1.5 მილიარდამდე ჩამოვიდა.
საერთო ჯამში, UST-ის კოლაფსით გამოწვეული ზარალი უკვე აჭარბებს 41 მილიარდ აშშ დოლარს, ეს სწორედ ის თანხაა, რომელიც იმ სავაჭრო ბირჟებმა, კომპანიებმა, ტრეიდეტებმა და ინვესტორებმა დაკარგეს, რომელთაც პორტფელში LUNA ან UST ჰქონდათ.
დატოვე კომენტარი