რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, უკრაინის ოფიციალურმა წყაროებმა გამოაცხადეს, რომ დონაციებს კრიპტოვალუტაში მიიღებდნენ. შედეგად, ერთ კვირაში, ოფიციალურ სამთავრობო კრიპტოსაფულეებზე $50 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა შეგროვდა. როგორც ახლა ირკვევა, შეგროვებული თანხის ერთი ნაწილი – $15 მილიონი, უკრაინის ხელისუფლებამ სამხედრო შეიარაღების, მათ შორის ტყვიაგაუმტარი ჟილეტების შესაძენად გამოიყენა.
The Crypto Fund of Ukraine raised $50M in crypto in a week to support #Ukraine 👊🏻 An incredible unity before Putin's encroachment on freedom and democracy. Aiming for $100M this week. We WILL win! 🇺🇦 #StandWithUkraine
— Mykhailo Fedorov (@FedorovMykhailo) March 4, 2022
აღსანიშნავია, რომ ომის მეორე კვირას, უკრაინის მთავრობამ კრიპტოვალუტების გაორმაგება დაისახა მიზნად, რისთვისაც უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო და პრემიერ-მინისტრი, მიხაილო ფიოდოროვი დაუღალავად მუშაობენ. ცნობისთვის, გეტყვით, რომ ამ დრომდე შემოსული დონაციების უმეტესობა ბიტკოინსა და ეთერში განხორციელდა, მაგრამ ამასთანავე, უკრაინა დონაციებს ტეთერში, პოლკადოტსა და სოლანაშიც იღებს – საინტერესოა ისიც, რომ უკრაინის ერთ-ერთ კრიპტომისამართზე გაიგზავნა საკმაოდ ძვირად ღირებული NFT-ი, CryptoPunk #5364.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სამხედრო შეიარაღების მომწოდებლების პოვნა უკრაინის ხელისუფლებას თითქმის არ გასჭირვებია – უკრაინის მთავრობამ ისინი ომის დაწყებიდან ორ დღეში იპოვა. საინტერესოა, რომ მომწოდებელთა დაახლოებით 40% მზად არის თანხა კრიპტოვალუტაში მიიღოს, მაგრამ დანარჩენების შემთხვევაში, უკრაინის მთავრობას კრიპტოვალუტის დოლარებსა და ევროში გადაცვლა უწევთ.
აღსანიშნავია, რომ დამატებით თანხების მოსაზიდად, უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტრო NFT-კოლექციის გამოშვებას გეგმავს – ამისთვის, ისინი ორ კომპანიასთან თანამშრომლობენ და მოსალოდნელია, რომ კოლექცია ორ კვირაში მზად იქნება. „სამხედრო NFT-ების გასაკეთებლად მზად არავინ იყო, ომი ხომ სულ რაღაც რვა დღის წინ დაიწყო – დიზაინის ნაწილზე ჯერ კიდევ ფიქრობენ“, – განაცხადა უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის მოადგილემ, ალექს ბორნიაკოვმა.
რაც შეეხება ძვირად ღირებულ NFT-ის, CryptoPunk #5364-ს, რომელიც უკრაინამ დონაციის სახით მიიღო, მის გაყიდვას ქვეყნის ხელისუფლება ჯერჯერობით არ გეგმავს, რადგან ეს არც თუ ისე მარტივი პროცესია – ცნობისთვის გეტყვით, რომ ეს NFT-ი უკანასკნელად 16.2 ეთერად გაიყიდა, რაც დღევანდელი ფასებით $43 ათასს აღემატება.
დატოვე კომენტარი