კრიპტოინდუსტრიის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტი სახელმწიფო ცდილობს მისი აქტიურად ათვისებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ისეთი სახელმწიფოების რიცხვიც, სადაც კრიპტოაქტივები სულ უფრო მკაცრ რეგულაციებს ექვემდებარება, მთელი რიგი ქვეყნები მაქსიმალურად თავისუფალი პირობების დანერგვას ცდილობენ. სტატიაში სწორედ იმ ქვეყნების რეიტინგს წარმოგიდგენთ, სადაც კრიპტოინდუსტრიის ათვისებისათვის საუკეთესო, ყველაზე ხელსაყრელი პირობებია.
მონაცემები დაფუძნებულია მსოფლიოში კრიპტომზაობის 2023 წლის ანგარიშზე და კონკრეტულ კრიპტომეგობრულ სახელმწიფოებთან ერთად, ისეთი ქვეყნების ანალიზს მოიცავს, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში, დიდი ოცეულის გაერთიანებასა და ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოები. ანგარიში Forexsuggest.com-ის მიერაა მომზადებული.
რეიტინგის მეთოდოლოგია კი რამდენიმე ცვლადისაგან შემდგარ მონაცემებს შეიცავს. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი მონაცემები, როგორიცაა ქვეყანაში ინდუსტრიასთან დაკავშირებული ბიზნესების რაოდენობა, ინდუსტრიის მიმართ საჯარო ინტერესი თუ საკანონმდებლო ჩარჩო.
რეიტინგში პირველ ადგილზე ჰონგ-კონგია წარმოდგენილი. ზემოთ აღნიშნული ფაქტორებით შედგენილ ქულათა სისტემაში მან 8.36 ქულა დაიმსახურა. ჩინეთის ავტონომიური რეგიონი უკვე წლებია, ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ჰაბია. როგორც ჩანს, ჰონგ-კონგი კრიპტოინდუსტრიის მიმართაც მსგავს მიდგომას ირჩევს. კრიპტოინვესტორები ჰონგ-კონგში 0%-იანი გადასახადებით სარგებლობენ. გარდა ამისა, ქალაქში დიდი რაოდენობით კრიპტობანკომატებია განთავსებული.
რეიტინგის მეორეადგილოსანი 8.18 ქულით შვეიცარია გახლავთ. შვეიცარიაც მთელ ევროპაში ფინანსური ცენტრის სტატუსით სარგებლობს. ქვეყანაში დიდი რაოდენობით კრიპტო- და ბლოქჩეინბიზნესებია წარმოდგენილი. კრიპტოინდუსტრიით საჯარო დაინტერესება კი ყოველ 100,000 მოქალაქეზე 1,000-ს აღწევს.
სამეულში იმყოფება აშშ-ც. 21-ე საუკუნის უმსხვილესი ეკონომიკა, რომელიც ტექნოლოგიების განვითარების ცენტრადაა მიჩნეული, ახალი ფინანსური სისტემისთვისაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის. აშშ-ში ყოველ 100,000 ადამიანზე 9.2 კრიპტობანკომატი ირიცხება, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
საინტერესოა, რომ კრიპტოინდუსტრიის ათვისებისთვის საუკეთესო პირობების მქონე სახელმწიფოთა რეიტინგში მე-4 პოზიციას საქართველო იკავებს. ის რეიტინგში ამ ადგილს 6.76 ქულით სლოვენიასთან ერთად იყოფს. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, საქართველოში 134 კრიტობანკომატია. კრიპტოინდუსტრიით დაინტერესება კი 100,000 ადამიანზე 614-ს შეადგენს. თუმცა მხოლოდ ამ მაჩვენებლის (საჯარო ინტერესი) გათვალისწინებით საქართველო ათეულშიც ვერ ხვდება. წამახალისებელი გარემოა გადასახადებისა და საკანონმდებლო კუთხითაც. კრიპტოინვესტორები საქართველოში 0%-იანი გადასახადით სარგებლობენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ათეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს 100,000 მოსახლეზე გახსნილი კრიპტობიზნესების რაოდენობით და ის 0.2-ს შეადგენს
რეიტინგში მე-6 პოზიციას 6.70 ქულით – კანადა, მე-7 ადგილს კი 6.20 ქულით ავსტრალია იკავებს. ავსტრალიაში კრიპტოვალუტით ვაჭრობის გადასახადი 19%-ს შეადგენს, რაც ათეულში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მე-8 პოზიციას იკავებს გერმანია, სადაც კრიპტოინდუსტრიით დაინტერესებულთა რიცხვი ათეულში ყველაზე დაბალია და 100,000 მოსახლეზე 404-ს შეადგენს. მე-9 და მე-10 პოზიციებს კი 5.83 ქულით ბულგარეთი და პანამა ინაწილებენ.