გლობალური ბაზრის მარეგულირებლები, კრიპტოვალუტის წესებით უკეთ კოორდინაციის მიზნით, კრიპტორეგულირების ორგანოს დაფუძნებას გეგმავენ. კრიპტორეგულირების გლობალური ორგანო სავარაუდოდ მომავალ წელს შეიქმნება.
ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) თავმჯდომარის, ეშლი ოლდერის განცხადებით, ციფრული ვალუტების ბუმი, კოვიდ 19-თან და კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, მთავრობების განსახილველ ძირითად საკითხებს შორის მოექცა. მისივე თქმით, კიბერუსაფრთხოება, ოპერატიული გამძლეობა და კრიპტოსამყაროში გამჭვირვალობის ნაკლებობა უმნიშვნელოვანესი რისკებია, რომლებიც ბოლო დღეებში კრიპტობაზარზე არსებული არასტაბილურობის გამო ბევრად უფრო ინტენსიური გახდა.
ოლდერის განცხადებით, გლობალური ჯგუფი, რომელიც კრიპტოწესების დასარეგულირებლად შეიქმნება, ისეთივე საჭიროებისაა, როგორიც თუნდაც კლიმატის დასაფინანსებლად შექმნილი სხვადასხვა ორგანო, რომელთაგანაც ერთ-ერთი G20-ის წამყვანი ეკონომიკების ჯგუფის დაქვემდებარებაშია. ამჟამად, კრიპტოსამყაროსთვის ასეთი რამ არ არსებობს, თუმცა, ოლდერის მოლოდინებით, რადგან ეს საკითხი მთავრობების ძირითად ინტერესებს შორის მოექცა, მომავალი წლისთვის მის შექმნასაც შეგვიძლია ველოდოთ.
ე.წ. „სტეიბლკოინის“ TerraUSD-ის კოლაფსის გამო, სენატის საბანკო კომიტეტის თავმჯდომარემ ამერიკელ კანონმდებლებს კრიპტორეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ბიტკოინის ღირებულება თითქმის 20%-ით დაეცა.
დატოვე კომენტარი