ინდუსტრიასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ბაიდენის ახალი აღმასრულებელი ბრძანების შემდეგ კრიპტოსამყარომ შვებით ამოისუნთქა. ეს დადებითი ემოციები უადგილოა.
თვეების განმავლობაში ციფრული აქტივების ინდუსტრია ეკლებზე იჯდა, სანამ ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებდა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ცაში აჭრილი კრიპტოაქტივების ზრდასთან გამკლავების გზებს განსაზღვრავს. ხუთ წელიწადში მათი ჯამური საბაზრო კაპიტალი 300-ჯერ გაიზარდა და $3 ტრილიონს აღემატება.
კრიპტოს ენთუზიასტები შიშობდნენ, რომ ვაშინგტონი ინდუსტრიას მარეგულირებელი ჩაქუჩისკენ წაიყვანდა, თუმცა ბრძანება, როგორც ჩანს, გონივრულ ჩარჩოებს აწესებს ამ ფენომენთან გასამკლავებლად. ინდუსტრიის ბევრ მონაწილეს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ამა თუ იმ სახით რეგულაციები გარდაუვალი იყო და, შესაბამისად, გაუხარდათ, რომ ბიძია სემმა გონივრული, პასუხისმგებლობიანი მიდგომა გამოიყენა.
სამწუხაროდ, „გლობალურ ფინანსურ სისტემასა და ტექნოლოგიურ და ეკონომიკურ კონკურენტუნარიანობაში შეერთებული შტატების ლიდერობის გაძლიერების“ სურვილის შესახებ დამამშვიდებელი სიტყვების მიუხედავად, ბრძანება გულისხმობს, რომ ეს არ მოხდება, თუ მთელი ფედერალური მთავრობა არ იქნება ჩართული მოცემული საკითხების ზედამხედველობაში. ფაქტობრივად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახალი კრიპტოსამყარო უფრო სერიოზული რისკებითაა სავსე, ვიდრე შესაძლებლობებით.
ადამიანის ბუნების შესაბამისად, სამთავრობო მარეგულირებლები უცნობ საქმეს ეჭვის თვალით უყურებენ. უბრალოდ, გადახედეთ სამთავრობო უწყებებს, რომლებიც ბაიდენის ბრძანებულების მიხედვით, ამა თუ იმ გზით, თავიანთ როლს ითამაშებენ: ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია, ფედერალური სარეზერვო სისტემა, ფედერალური სავაჭრო კომისია, გარემოს დაცვის სააგენტო, თეთრი სახლის შიდა პოლიტიკის საბჭო, ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო, კომერციის დეპარტამენტი, ენერგეტიკის დეპარტამენტი, სახაზინო დეპარტამენტი, შრომის დეპარტამენტი, გენერალური პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის დეპარტამენტი, მართვისა და ბიუჯეტის ოფისი და ა.შ.
უამრავი სამთავრობო კომიტეტი და სასწავლო ჯგუფი ტოქსიკურია საინტერესო მიღწევებისთვის. განვითარდებოდა თუ არა ავტომობილი და ინტერნეტი ისე, როგორც განვითარდა, ვაშინგტონი რომ ჩართულიყო მათთან ისევე, როგორც მას ეს კრიპტოს შემთხვევაში სურს? კრეატიულობა არეულ-დარეული და არაპროგნოზირებადია. ხშირია მარცხი. შეცდომები უხვადაა. განვითარება და პროგრესი არასდროს მოდის რისკის გარეშე. თაღლითები და შარლატანები გარშემო ყოველთვის არიან, იქნება ეს საქმიანობის არსებული თუ ახალი სფეროები. აღმასრულებელი ბრძანების ერთ-ერთი იდეა, რომელზეც ვერდიქტი უნდა დაიდოს, ფედერალური რეზერვისა და ხაზინის დეპარტამენტის მიერ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შექმნაა. თქვენ შეგიძლიათ, გამოემშვიდობოთ ფინანსური კონფიდენციალურობის ნებისმიერ ნაშთს, რადგან მთავრობა ადვილად გააკონტროლებს ყველაფერს, რასაც თქვენ დახარჯავთ.
ეკონომიკური მარეგულირებლები შეეცდებიან, მართონ ეკონომიკა და დარწმუნდნენ, რომ თქვენ აკეთებთ იმას, რაც მათ სურთ, რომ გააკეთოთ. ამ მიზნით, მათ იდეაში შეეძლოთ ვალუტებზე ვარგისობის თარიღების დატანა.
აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე ვლინდება სტრატეგია, ადმინისტრაციის თვალით დანახულ ე.წ. „სტაბილკოინებთან“ დაკავშირებულ მომაკვდინებელ საფრთხეებთან მიმართებით, რომლებიც გადაიქცევა სამთავრობო ვალუტების ალტერნატივებად: „სუვერენული ფული კარგად მოქმედი ფინანსური სისტემის, მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ბირთვია“.
ეს ბრძანება ცხვრის ტყავში გადაცმული მგელია.
წინ დიდი პოლიტიკური და მარეგულირებელი ბრძოლები გველის.
დატოვე კომენტარი