კრიპტოვალუტებით გადახდის პლატფორმა TripleA-ის შეფასებით, ამჟამად, მსოფლიო მასშტაბით, ციფრული აქტივების 420 მილიონზე მეტი მომხმარებელი აღირიცხება. კრიპტოვალუტები ყველაზე დიდი პოპულარობით კი ე.წ. „გლობალურ სამხრეთში“ სარგებლობს, სადაც, როგორც აღმოჩნდა, მოსახლეობა მსგავსი ტიპის აქტივებში ინვესტირების ყველაზე მაღალი მოცულობითაც გამოირჩევა.
გლობალურად, კრიპტოვალუტის გამოყენების სიხშირის გეოგრაფიულად შეფასებისთვის, ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ბლოკჩეინის მონაცემთა პლატფორმა Chainalysis-მა ინდექსი შეიმუშავა. 0-დან 1-მდე სკალით, ინდიკატორი იმ ქვეყნების მოსახლეობას აფასებს, რომლებიც თავიანთი სიმდიდრის უდიდეს ნაწილს სწორედ კრიპტოვალუტაში აბანდებენ.
ინდექსის მეთოდოლოგია მარტივია და ხუთ ძირითად ქვეინდიკატორს ეფუძნება, ესენია: ცენტრალიზებული მომსახურების ღირებულება, საცალო ცენტრალიზებული მომსახურების ღირებულება, P2P სავალუტო ვაჭრობის მოცულობა, DeFi-ის მოცულობა, საცალო DeFi-ის მოცულობა. თითოეული ქვეინდექსი ქვეყნების მიერ სხვადასხვა ტიპის კრიპტოვალუტის სერვისების გამოყენებას ეფუძნება. საერთო ჯამში, Chainalysis-მა 154 ქვეყანა მოიცვა და რეიტინგის შედგენისას მათი ისეთი მახასიათებლებიც გაითვალისწინა, როგორიცაა მოსახლეობის რაოდენობა და მსყიდველუნარიანობა.
Chainalysis-ის ინდექსით ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც სრული 1 ქულა დაიმსახურა და მოსახლეობის მხრიდან კრიპტოვალუტების ათვისების რეიტინგსაც ლიდერობს, ინდოეთია. შემდეგ მოდის ნიგერია (0.642), მესამე ადგილს კი ვიეტნამი (0.568) იკავებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ აღნიშნული სამი ქვეყანა სცდება 0.5-იან შეფასებას, მათზე ბევრად დაბალი ქულით კი ხუთეულს ამერიკის შეერთებული შტატები (0.367) და უკრაინა (0.215) ასრულებენ. ცნობისთვის, უკრაინა ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც რეიტინგის ათეულში მოხვედრა მოახერხა.
ცნობისთვის, Chainalysis-ის რეიტინგში საქართველო 0.021 ქულით 51-ე პოზიციაზეა წარმოდგენილი, ქვეყნის სხვა მეზობლების ქულები კი შემდეგნაირად ნაწილდება: აზერბაიჯანი 0.013 ქულით 73-ე პოზიცია, სომხეთი 0.008 ქულით 88-ე პოზიცია, თურქეთი 0.142 ქულით მე-12 პოზიცია და რუსეთი 0.140 ქულით მე-13 პოზიცია.
Chainalysis-ის მონაცემებით, კრიპტოვალუტების ათვისების ყველაზე მაღალი ხარისხით ცენტრალური და სამხრეთი აზია გამოირჩევა. რეალურად, ტოპ-10 ქვეყნიდან ექვსი სწორედ ამ ტერიტორიაზე მდებარეობს. პლატფორმის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის ბოლოს განვითარებული რთული მოვლენების შემდეგ, ამჟამად, კრიპტოს ათვისება საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა, დაბალი-საშუალო შემოსავლის ქვეყნები, ამ მხრივ, სხვებთან შედარებით, ბევრად მაღალი აქტიურობით გამოირჩევიან.
ეს კი გარკვეულწილად ნიშნავს, რომ, მართალია, მსგავს ქვეყნებს განვითარებადი, დინამიკური ეკონომიკა ახასიათებთ, სამომავლოდ მათი როლი გლობალური ძალაუფლების გადანაწილებაში შესაძლოა, უფრო ძლიერიც კი გახდეს. ამ მომავლის ძირითადი მამოძრავებელი კი, ამ ქვეყნებში მომხმარებელთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, Chainalysis-ის პროგნოზით, სწორედ კრიპტოვალუტა იქნება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ელ-სალვადორი უკვე ერთი ნაბიჯით წინაა, რადგან 2021 წლის სექტემბერში ის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი კანონიერ ფასიან ქაღალდად გამოაცხადა და ადგილობრივ ბიზნესს კრიპტოვალუტის მიღებაზე ნებართვის გაცემა მოსთხოვა.
კრიპტოვალუტაში ინვესტირების მოცულობით ქვეყნების მოსახლეობის რეიტინგი:
- ინდოეთი – 1 ქულა
- ნიგერია – 0.642 ქულა
- ვიეტნამი – 0.568 ქულა
- ამერიკის შეერთებული შტატები – 0.367
- უკრაინა – 0.215 ქულა
- ფილიპინები – 0.208 ქულა
- ინდონეზია – 0.203 ქულა
- პაკისტანი – 0.164 ქულა
- ბრაზილია – 0.163 ქულა
- ტაილანდი – 0.145 ქულა