კრიპტოვალუტების მაინინგის დროს გაზრდილი ენერგომოხმარების გამო, ამა წლის ოქტომბერში ყაზახეთში სამი ელექტროსადგური გაითიშა, რამაც ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია, – ამის შესახებ The Financial Times-ი წერს. „ყაზახეთის ელექტროსისტემების“ (KEGOC) განცხადებით, ამიერიდან, ორმოცდაათი ოფიციალურად რეგისტრირებული მაინერი ელექტროენერგიას ლიმიტირებულად მიიღებს. გარდა ამისა, ქსელში არსებული ხარვეზის შემთხვევაში, ელექტროენერგიაზე წვდომა, პირველ რიგში, სწორედ მათ შეეზღუდებათ.
ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წელს ელექტროენერგიაზე არსებული მოთხოვნა 8%-ით გაიზარდა, მაშინ, როცა ტიპური ზრდა 1-2%-ს უდრის ხოლმე. სფეროს ექსპერტების აზრით, ეს ზრდა არალეგალური მაინერების რიცხვის ზრდას უკავშირდება, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ჩინეთიდან გაძევებული მაინერები ბიზნესის გასაგრძელებლად ახალ ქვეყნებს ეძებენ – ყაზახეთი, ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა, რომელშიც ელექტროენერგიის საფასური არცთუ ისე მაღალია. ცნობისთვის, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა პირველად 2021 წლის დასაწყისში დაფიქსირდა, როცა მაინერულმა კომპანიებმა ჩინეთის ბაზარი დატოვეს, ხოლო მეორედ – ამა წლის მაისში, როცა ჩინეთში მაინინგი საერთოდ აკრძალეს.
ზემოხსენებული დეფიციტის სამართავად, ამ ეტაპზე, ყაზახეთის მთავრობა ელექტროენერგიას რუსეთისგან შეიძენს, ხოლო 2022 წლიდან რეგისტრირებულ მაინერებს თითო დახარჯულ კილოვატ-საათზე სპეციალურ გადასახადს დაუწესებს, 1 ტენგეს (დაახლ. $0.0023) ოდენობით.
დატოვე კომენტარი