Balenciaga-ს მოდის სახლის ხელმძღვანელის, დემნა გვასალიას განცხადებით, ეს მომავლის ფეხსაცმელია. ყველასათვის საყვარელი/საძულველი ფეხსაცმელი კვლავ დაბრუნდა მაღალი მოდის ახალი ელემენტით. ჟურნალ Vogue-ის თანახმად, როდესაც პარიზში გამართულ Balenciaga-ს ჩვენებაზე პოდიუმზე “კროკსის” “პლატფორმებში” გამოწყობილმა მოდელმა ჩაიარა, აუდიტორიამ გაოცება ვერ დამალა და ხმამაღლა გამოხატა თავისი ემოცია. დიახ, ეს ის პოლიმერისაგან დამზადებული ქოშია, რომელსაც ასე ეთაყვანება ცნობილი ამერიკელი შეფ-მზარეული მარიო ბატალი, ხოლო ყველა დანარჩენს სძულს. Balenciaga-ს დიზაინით გარდაქმნილი ამ ფეხსაცმლის სხვადასხვა ფერის ვარიანტი – ნაცრისფრით დაწყებული და სკოლის ავტობუსის ღაჟღაჟა ყვითლით დამთავრებული – 10-სანტიმეტრიანი “პლატფორმითა” და სხვადასხვა დეკორით არის მოკაზმული, მათ შორისაა ყვავილები, ამერიკის დროშა და ბუ.
Balenciaga პირველი მოდის სახლი არ გახლავთ, რომელმაც ამ ავადსახსენებელი ქოშის ტრანსფორმაცია გარისკა. გასულ სექტემბერს დიზაინერმა კრისტოფერ კეინმა (Christopher Kane) მოდის მოყვარულებს ქოშის პრინტითა და კრისტალებით დამშვენებული თავისებური ინტერპრეტაცია შესთავაზა. “კროკსი უდავოდ ყველაზე კომფორტული ფეხსაცმელია. მომწონს, რომ ეს ფეხსაცმელი ცოტათი უხერხულიც კი არის და ბევრი მას ‘უშნოდ’ აღიქვამს, – განაცხადა კეინმა ჟურნალ Vogue-თან საუბრისას. – მას ძალიან გულუბრყვილო და ბავშვური ფორმა აქვს და მე განსაკუთრებით მომწონს ის, რომ ეს ფეხსაცმელი ასე მასიურად გამოიყურება ფეხზე.
Balenciaga-ს დიზაინერი დემნა გვასალია შეეცადა აეხსნა, თუ რატომ გადაწყვიტა მაღალი მოდის სამყაროში “კროკსის” შემოტანა. გვასალიამ ჟურნალ Vogue-თან საუბრისას აღიარა, რომ ამ ზაფხულს პირველად მოიზომა ეს ფეხსაცმელი. “ეს ინოვაციური ფეხსაცმელია. “კროკსი” მსუბუქია, დამზადებულია პოლიმერისგან და პირადად მე მიმაჩნია, რომ ასეთი ტექნიკითა და მასალით მუშაობა ძალიან სახასიათოა Balenciaga-ს ბრენდისათვის, – განაცხადა გვასალიამ. – მომავალში შესაძლებელი იქნება მათი 3D პრინტის შექმნა სახლიდან გაუსვლელად, რადგან ეს ფეხსაცმელი გადაბმის გარეშე, ერთ ყალიბში არის ჩამოსხმული”.
და სწორედ ახლა – 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენ წლები მოვანდომეთ ამ ფეხსაცმლის დავიწყებას, “კროკსი” მომავლის ფეხსაცმლად აღიარეს.
დატოვე კომენტარი