კუბის მთავრობა ემზადება ორმაგი სავალუტო სისტემის და რამდენიმე გაცვლითი კურსის გაერთიანებისკენ. ამის შესახებ NBCNews წერს. გამოცემის ცნობით, კუბის ეკონომიკის მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ნაბიჯი ეკონომიკურ ვითარებას ქვეყანაში გააუმჯობესებს.
ცნობისთვის, კუბაში ორი ოფიციალური ვალუტა არსებობს, ერთია პესო, და მეორეა გაცვლადი ვალუტა პესო. მოსახლეობის უმრავლესობა ხელფასებს იღებს ეროვნულ ვალუტა პესოში, ნაწილი კი გაცვლად პესოში. ამასთან, 2014 წლამდე ქვეყანაში არსებულ მაღაზიებში ან ერთ ან მეორე ოფიციალურ ვალუტაში ვაჭრობდნენ, შემდეგ კი ორივე ვალუტაში დაიწყეს პროდუქციის გაყიდვა.
ამჟამად, კუნძულოვანი სახელმწიფო ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, ერთი მხრივ პანდემიის, ხოლო მეორე მხრივ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ამას თან ემატება საბჭოთა სტილის ეკონომიკური სისტემაც.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, სავალუტო სისტემების უნიფიკაციის გარეშე ქვეყანა ვერ შეძლებს კრიზისის გადალახვას.
“ეს არის ძირეული ტრანსფორმაცია, რაც ეკონომიკას სჭირდება და რაც გავლენას იქონიებს კომპანიებზე და პრაქტიკულად ყველაზე“, – განაცხადა კუბის ეკონომიკის მინისტრმა ალეხანდრო გილმა.
“ეს არის ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ხალხისთვის საჭირო ნაბიჯი, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება ქმნის ხელსაყრელ ეკონომიკურ პირობებს, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტ წარმოებას, მომსახურებას და სამუშაო ადგილებს“, – დასძინა მან.
სავალუტო რეფორმა კუბაში წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. რაც იმას ნიშნავს რომ დასრულდება გაცვლადი ვალუტა პესოს დრო, რომელიც 1959 წლიდან კუბაში ოფიციალური ვალუტაა.
მთავრობამ განაცხადა, რომ მოსახლეობას მიეცემა დრო იმისათვის, რომ გაცვლადი ვალუტა პესო ამჟამინდელ კურსზე გადაცვალონ, მანამ ვიდრე მას მოხმარებიდან ამოიღებენ. ამიტომაც ბანკებთან რიგები დგას.
მთავრობის გადაწყვეტილებას უცხოელი და ადგილობრივი ეკონომისტები აფასებენ და აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი სამმაგ ინფლაციას და გაკოტრებებს გამოიწვევს, თუმცა, ამავე დროს შიდა ეკონომიკურ აქტივობას წაახალისებს.
ცნობისთვის, კუბაში მთავრობა აკონტროლებს ქვეყნის ეკონომიკის ლომის წილს და უმეტესად თავად აწესებს ხელფასების რაოდენობას და ასევე ფასებსაც. არცერთი შიდა ვალუტა კუბის გარეთ არ ივაჭრება.
კუბა, რომელიც დამოკიდებულია საკვების, საწვავის და სხვა პროდუქტის იმპორტზე, ნაღდი ფულის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდა ამერიკული სანქციების გამო, ასევე პანდემიამ ქვეყანაში ტურიზმის სექტორი დააზარალა. შემცირდა გადმორიცხვებიც, რამაც უდიდესი პრობლემების წინაშე დააყენა ქვეყანა.
დატოვე კომენტარი