კუპიურების გარეშე

კუპიურების გარეშე

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში MasterCard-ი გადახდების გადამამუშავებელი კომპანიიდან – ინოვატორად იქცა და გაიმარჯვა იქ, სადაც Google-მა, Square-მა და Visa-მ წააგეს. კომპანიის გეგმებზე საქართველოსა და მსოფლიოში ვერა პავლოვას გავესაუბრეთ – MasterCardEurope-ის წარმომადგენლობის დირექტორს უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში.

MasterCard-ი თვალსა და ხელს შუა იცვლება. გადახდების დამამუშავებელი კომპანია გარდაიქმნება გადახდების ტექნოლოგიის განვითარებაზე ფოკუსირებულ ბრენდად. შეგიძლიათ, აღწეროთ ეს პროცესი?

დღეს MasterCard-ი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ შემაკავშირებელი რგოლი ვართ ბანკებს, ბარათის მფლობელებს, ბიზნესსა და საჯარო სექტორს შორის. წელიწადში 95 მილიარდ ტრანზაქციას ვამუშავებთ 2 მილიარდი ბარათის საშუალებით, მსოფლიოს 210 ქვეყანაში.

ჩვენი ძირითადი ბიზნესი პროცესინგია – ვემსახურებით ტრანზაქციებს ბანკებს შორის MasterCard-ის ბარათების საშუალებით. პორტფელში ბარათების ფართო სპექტრია – სადებეტო, წინასწარი გადახდის, საკრედიტო და ა.შ. აგრეთვე ვავითარებთ პროდუქტების პარალელურ ხაზებს, რომლებიც მიმართულია როგორც მასობრივ, ისე პრემიალურ სეგმენტზე. აქტიურად ვთანამშრომლობთ სავაჭრო ქსელებთან, სატრანსპორტო კომპანიებთან, სერვისების მიმწოდებლებთან და MasterCard-ის ბარათის მფლობელებს უამრავი დამატებითი უპირატესობით ვაჯილდოებთ: სერვისებით, ბონუსებით, ფასდაკლებებით.

ამჟამად ინოვაციებზე ვდებთ ფსონს. აქტიურად შევდივართ უკონტაქტო გადახდებისა და ელექტრონული კომერციის ბაზარზე, ვნერგავთ ბიომეტრიულ სისტემებს, რათა ბარათის მფლობელთა იდენტიფიკაცია თითის ანაბეჭდით, ხმით თუ მობილური „სელფიების“ საშუალებით მოხდეს. აგრეთვე, დინამიკურად ვავითარებთ P2P გადარიცხვებს. ესაა პირდაპირი გადარიცხვები ადამიანებს შორის. ამჟამად MoneySend-ის ფულადი გადარიცხვის სერვისი ფართოდ მოთხოვნადია აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, კერძოდ კი უკრაინაში, რუსეთში. ამ ორ ქვეყანაზე P2P-გადარიცხვების კრიტიკულად დიდი წილი მოდის. ვფიქრობთ, სერვისი საქართველოშიც აქტიურად განვითარდება.

რატომ მოხდა ისე, რომ P2P-ის გადარიცხვების კრიტიკული წილი სწორედ განვითარებად და არა განვითარებულ ქვეყნებზე მოდის?

კარგი შეკითხვაა. უპირველეს ყოვლისა, მშვენივრად მოვახერხეთ MoneySend-ის პლატფორმის ინტეგრირება რეგიონის საბანკო ეკოსისტემაში. ამასთანავე, სწრაფად ზრდადი ბაზრებისთვის დამახასიათებელია ინოვაციებისადმი გახსნილობა.

გადახდების ტექნოლოგია, რომელიც ამჟამად არსებობს საქართველოში, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, ხშირად წინ უსწრებს ევროპისას. მაგალითად, საქართველოში ამჟამად ყოველი მეოთხე შენაძენი უკონტაქტო გადახდით ხორციელდება. უკრაინაში დაახლოებით 1.3 მილიონი უკონტაქტო ბარათია. რაზე მეტყველებს ეს? იმაზე, რომ უკონტაქტო ტექნოლოგიით ჩვენი რეგიონი მოწინავეა და აგრეთვე საბანკო სექტორის მაღალგანვითარებულობაზე.

ბოლო 5 წელი MasterCard-ისთვის გამორჩეული იყო. კომპანია ვირტუალურ, ციფრულ, ბიომეტრიულ გარღვევებს აკეთებს. ვითარდებით სახის ამოცნობის პროგრამების, ზემოთ ხსენებული მობილური გადახდების სისტემების, უკონტაქტო ტრანზაქციებისა და „ციფრული საფულის“ მიმართულებით. საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ გადახდების მომსახურების მომავალი?

MasterCard-ი გლობალური მასშტაბის კორპორაციაა, ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია სამეწარმეო სულის კულტივირება. მხოლოდ ასე მოვახერხებთ ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას, საყოველთაო სტანდარტების დამკვიდრებასა და ინოვაციურ განვითარებას. უამრავი პროგრამა გვაქვს, რომლებითაც სტარტაპ-პროექტებს ვავითარებთ როგორც კომპანიის შიგნით, ისე გარეთ და ვცდილობთ, ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიური იდეები საქმეში დავნერგოთ. ცალკე განყოფილებაც კი გვაქვს ინოვაციური პროდუქტების გასავითარებლად და ძლიერი პარტნიორული ქსელის შესაქმნელად – MasterCardLabs-ი. მსოფლიოს მთავარ რეგიონალურ ცენტრებში აქტიურად ვთანამშრომლობთ მოწინავე პროგრამისტებსა და IT-სპეციალისტებთან, რომლებიც ფოკუსირდებიან გარღვევის მოხდენის პოტენციალის მქონე იდეებზე.

MasterCardLabs-ი ღრმად არის ინტეგრირებული კომპანიის სტრატეგიაში და აქ შექმნილი ინოვაციები უკვე იქცა ჩვენს მოწინავე სერვისად – მაგალითად გამოდგება ელექტრონული კომერციის წამყვანი MasterPass-ი, სერვისი MoneySend-ი, NFC-ტექნოლოგიები, ან Watch2Pay. ვავითარებთ ბარათის მფლობელთა იდენტიფიკაციის ინოვაციურ ხერხებსაც. ნორვეგიულ სტარტაპ Zwipe-თან ერთად შევქმენით უკონტაქტო ბარათი, რომელშიც ჩაშენებულია თითის ანაბეჭდის სკანერი. უკრაინაში „პრივატბანკთან“ პარტნიორობით მოხმარებაში ჩავუშვით MoneySend-ის სერვისი, რომელიც საშუალებას იძლევა, მობილური ტელეფონის საშუალებით, ხმოვანი ბრძანების საფუძველზე გადაირიცხოს ფული.

ჩემი შეკითხვა მეტწილად მთლიან სფეროს ეხებოდა: MasterCard-ის გლობალური დირექტორი ხშირად საუბრობს მომავალზე, სადაც ნაღდი ანგარიშსწორება უბრალოდ არ იარსებებს. ჩემთვის ეს სამეცნიერო ფანტასტიკის სიუჟეტია. თქვენ იზიარებთ მის ხედვას? და თუ დიახ, რამდენ ხანში წარმოგიდგენიათ განვითარების ამ დონის მიღწევა?

ეს უკვე ხდება. ელექტრონული გადახდებისკენ მიგრაცია აქტიურად მიმდინარეობს. ავიღოთ საქართველოს ბაზარი. ბოლო მონაცემების მიხედვით გადახდების 53% სავაჭრო ქსელებზე მოდის. თანხობრივ გამოხატულებაში ეს მთელი მოცულობის 17%-ია. უკრაინაში რიცხვები უფრო მაღალია – 64.7% და 18%. თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია: ჩემი შეფასებით ქართულ ბაზარზე ყველა ტრანზაქციის მხოლოდ 10% მოდის უნაღდო ანგარიშსწორებაზე. განვითარებულ ქვეყნებში – მაგალითად, ნორვეგიაში – ეს რიცხვი 96%-ს აღწევს. შესაბამისად, განვითარების დიდი პოტენციალი გვაქვს. ჩვენი მთავარი კონკურენტი ახლა სწორედ ნაღდი ანგარიშსწორებაა.

ნაღდ ფულთან ბრძოლის იარაღი ინოვაციებია, რომლებიც კომერციას დიდ სამსახურს უწევს. მაგალითად, MasterPass-ი: იგი გლობალური პლატფორმაა ელექტრონული საფულეებისა და ონლაინმაღაზიებისთვის, რომლის მეშვეობითაც არ გვჭირდება ტრანზაქციის შესრულებისთვის ყოველ ჯერზე სისტემაში დაწვრილებითი მონაცემების შეყვანა. ამგვარად, MasterPass-ი ამარტივებს და აჩქარებს ყიდვის პროცესს. ყიდვა შესაძლებელია ნებისმიერი ხელსაწყოს საშუალებით, რომელსაც ინტერნეტზე წვდომა აქვს. სერვისი უკვე ხელმისაწვდომია ევროპის 24 ქვეყანაში და ყოველწლიურად MasterPass-ით შესრულებული ტრანზაქციების ოდენობა 40%-ით იზრდება, რაც პლატფორმის დიდ მოთხოვნაზე მეტყველებს.

თუმცა ნაღდი ანგარიშსწორების გარდა სხვა კონკურენტებიც გყავთ. VISA-სთან თქვენი შეჯიბრი Coca-Cola-სა და Pepsi-ს შორის კონკურენციას შეგვიძლია შევადაროთ. ორივე მსგავსი გამოყენებისა და ფუნქციების მქონე ბარათებს სთავაზობთ მომხმარებლებს, თუმცა არსებობს განსხვავებებიც. რა არის ეს განსხვავებები და რაში მდგომარეობს თქვენი კონკურენტული უპირატესობა?

MasterCard-ი უდიდეს ყურადღებას უთმობს სოციალურ სფეროში ტექნოლოგიების განვითარებას. ჩვენ აქტიურად ვახდენთ თანამედროვე გადახდის სისტემების ინტეგრირებას სოციალურ ინფრასტრუქტურაში, უპირველეს ყოვლისა – ტრანსპორტში. ამ მხრივ წარმატებული გამოცდილებაა უკრაინის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ ობიექტებში უკონტაქტო გადახდების დანერგვა – მეტრო იქნება ეს, ტრამვაი, საბაგირო თუ სხვა. მსგავსი სერვისი მოქმედებს ალმათიში, სანქტ-პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში.

ცალკე მიმართულებაა MasterCard-ის ბარათის ჩიპის დატანის შესაძლებლობა საათში, ბრელოკში, ჰალსტუხშიც კი. ჩვენ გადახდის პროცესს მაქსიმალურად მოსახერხებელსა და უსაფრთხოს ვხდით.

რა თქმა უნდა, ვამაყობთ მარკეტინგითაც. უპირველეს ყოვლისა MasterCardPriceless-ის კონცეფციით. ეს უძველესი და უნიკალური მარკეტინგული პლატფორმაა, რომელიც კულტურულ ფენომენად იქცა. ის უკვე 20 წელია, რაც არსებობს და საკუთარი აქტუალობა არ დაუკარგავს. იდეა ის გახლავთ, რომ MasterCard-ის ბარათით გადახდისას მფლობელი დიდ და პატარა სიურპრიზებს იღებს – სიმღერების უფასო ჩატვირთვას, უკეთეს ადგილებს კონცერტებსა თუ სხვა ღონისძიებებზე, შეხვედრებს მსოფლიო ვარსკვლავებთან, სპორტსმენებთან. ბარათის მფლობელებს ჩვენ ფასდაუდებელ მომენტებს ვჩუქნით და ამით მათ ოდნავ უფრო ბედნიერ ადამიანებად ვაქცევთ.

პროგრამის ერთ-ერთი შესაძლებლობაა ბარათის ქცევა საშვად მსოფლიოს უდიდესი აეროპორტების ბიზნესდერეფნებში – მოსკოვში, ბუდაპეშტში, ვენაში, პრაღასა და სხვა ქალაქებში. ამ და სხვა უპირატესობებს ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ქართველ მომხმარებელსაც შევთავაზებთ.

სხვათა შორის ძალიან თვალში საცემია, რომ MasterCard-ი საკუთარ პროდუქტებს ზედმიწევნით არგებს ამა თუ იმ რეგიონს. მაგალითად, კომპანია მუშაობს სახელმწიფოებთან, როგორიცაა ჩრდილოეთი აფრიკა (სადაც ავთენტიფიკაციის პრობლემაა), რათა გამოუშვას ბარათები, რომლებზეც დატანილი იქნება ბიომეტრიული მონაცემები. რა ინოვაციურ პროდუქტებს მოარგებთ ჩვენს რეგიონს?

საგადასახადო ტექნოლოგიებსა და ინოვაციებთან ადაპტაციის უნარით ჩვენი რეგიონი უკან ჩამოიტოვებს ბევრ სხვა ბაზარს, სადაც საბანკო სექტორი აგრეთვე კარგად განვითარებულია. ვფიქრობთ, აქ პრიორიტეტად უკონტაქტო გადახდების ტექნოლოგია, მობილური გადახდები და ელექტრონული კომერცია უნდა იქცეს. მაგალითად, უკრაინაში ელექტრონული კომერციის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რიცხვი წელიწადში 100%-ით იზრდება, რაც, ფაქტობრივად, ვერტიკალური ზრდაა. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ციფრებიც ამ ტენდენციას მიესადაგება. ამასთან დაკავშირებით, ვმუშაობთ, რომ რეგიონში MasterCard-ის ყველა უახლესი ტექნოლოგია შემოვიტანოთ.

განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში დაეთმობა NFC-ტექნოლოგიებს, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, მობილური მოწყობილობა გადახდის ინსტრუმენტად ვაქციოთ. საკმარისი იქნება აპლიკაციის ჩამოტვირთვა და მასში საკუთარი ბარათის აქტივირება. ამგვარად შესაძლებელი გახდება ანგარიშსწორება ტერმინალთან უბრალოდ ტელეფონის მიახლოებით! ახლა მსოფლიოში 4 მილიონამდე ასეთი სავაჭრო წერტილია, სადაც უკონტაქტო გადახდები ტარდება. ევროპაში უკონტაქტო ბარათების რიცხვი წელიწადში 65%-ით იზრდება. ვფიქრობ, უკონტაქტო გადახდების ტექნოლოგიების განვითარების დონით ჩვენი რეგიონი ერთ-ერთი წამყვანი იქნება.

MasterCard-ი არის გლობალური კომპანია, რომლის საქმიანობაც არ ცნობს საზღვრებს, რომელიც მუშაობს განსხვავებულ სოციალურ თუ ეკონომიკურ პირობებში, სპეციფიკურ კორპორაციულ კულტურებში, სხვადასხვა სამომხმარებლო ჩვევისა და პრეფერენციის მქონე ქვეყნებში. რა სახასიათო თვისებები აქცევს საქართველოსა და მიმდებარე რეგიონის ბაზრებს გამორჩეულად?

დიდხანს ვმუშაობდით უკრაინაში და მივეჩვიეთ, რომ უკრაინული ბაზარი უახლეს ტექნოლოგიებს მალე ითვისებს. შედარებისთვის, უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიების დამკვიდრებისას უკრაინაში ერთ წელიწადში მივიღეთ ისეთივე შედეგი, რომლის მისაღწევადაც პოლონეთს სამი წელი დასჭირდა. ჩვენთვის სიურპრიზი იყო, რომ საქართველოში ყველაფერი კიდევ უფრო სწრაფად ხდება! ერთ მოსახლეზე სმარტფონების რაოდენობის მაჩვენებლით საქართველო უსწრებს რეგიონის საშუალო მაჩვენებელს. ადამიანები გახსნილები არიან ინოვაციების მიმართ. ფაქტი, რომ ეს ქვეყანა უკვე არის ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერი უკონტაქტო გადახდებში, კიდევ ერთხელ ადასტურებს ბაზრის პერსპექტიულობას.

დაბოლოს, ერთი შეხედვით სხვა, მაგრამ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გადავიტანო საუბარი: დიდი კომპანიების მმართველი რგოლი კვლავ მამაკაცების ბასტიონად რჩება. MasterCard-ი ამ პრაქტიკის შეცვლას ცდილობს – „ქალთა დაწინაურების ინდექსიც“ კი შეიმუშავეთ. თქვენც ქალბატონი ბრძანდებით. რითაა MasterCard-ი გამორჩეული კომპანია ქალი თანამშრომლებისთვის?

MasterCard-ი მართლაც აძლევს ქალებს პროფესიული ზრდის, განვითარებისა და პოტენციალის რეალიზების ბევრ შესაძლებლობას. კომპანიაში შექმნილია საზოგადოება Women’sLeadershipNetwork-ი, რომელიც MasterCard-ის ათასზე მეტ თანამშრომელ ქალს აერთიანებს მსოფლიოს 36 ქვეყნიდან. ასეთი პლატფორმა საშუალო და უმაღლესი რგოლის მენეჯერ ქალებს შესაძლებლობას აძლევს, რეგულარულად იურთიერთონ და გაანდონ ერთმანეთს საერთო კარიერული ამოცანების გადაჭრის გზები.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი რეგიონის მენეჯერთა გუნდში ქალები ღრმად არიან ინტეგრირებულნი. მაგალითად, ჩემი უშუალო ხელმძღვანელი, სწრაფად განვითარებადი ევროპული ბაზრების, MasterCardEurope-ის პრეზიდენტი – ქალია, ისევე როგორც თურქეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლობების ხელმძღვანელები.

მიმაჩნია, რომ MasterCard-ი ისეთი კომპანიის საუკეთესო მაგალითია, რომელიც ქალებს მრავალმხრივ უჭერს მხარს – ანიჭებს თავისუფლებას და აჯილდოებს ფართო შესაძლებლობებით, რათა განვითარდნენ და მეტს მიაღწიონ.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *