კურტ კობეინის დამტვრეული გიტარა, ნიუ-იორკში Julien’s Auction-ის ყოველწლიურ Icons & Idols: Rock ‘N’ Roll აუქციონზე გამოჩნდება. ინსტრუმენტი, რომელსაც ბევრი როკ-ენ-როლის ისტორიის ნაწილად მიიჩნევს, $200,000-დან $400,000-მდე იქნება შეფასებული.
Julien’s Auction-ის აღმასრულებელი დირექტორის მარტინ ნოლანის ინფორმაციით, გარდაცვლილი მომღერლის Fender-ის წარმოების გიტარა, კერძოდ კი Mustang-ის სახელწოდებით ცნობილი 1973 წლის მოდელი, 1989 წელს პენსილვანიის შტატში, უილიამსპორტში დაიმტვრა. აღსანიშნავია, რომ აუქციონზე 1,500-ზე მეტი ლოტი იქნება წარმოდგენილი, რომელთა შორისაა ბიონსეს, პრინცისა და კერი ანდერვუდის ნივთები.
ნიუ-იორკში, Icons & Idols: Rock ‘N’ Roll აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ ნივთებს შორის The Beatles-ის ერთ-ერთი წევრის, ჯონ ლენონის საკულტო სათვალესაც შევხვდებით. მრგვალი ფორმის „ბებიის სათვალეები“, როგორც მას თავად მუსიკოსი უწოდებდა, $80,000-ად არის შეფასებული.
ნოლანის განცხადებით, პანდემიის შემდგომ, მსგავსი ტიპის, მათთვის საკულტო ნივთების შეძენის მსურველთა რიცხვი, განსაკუთრებით გაიზარდა. „ადამიანები, თანხას იღებენ არამატერიალური, ან თუნდაც მათ საინვესტიციო პორტფელში არსებული უძრავი ქონებიდან და მსგავსი ტიპის ნივთებზე ხარჯავენ, რომელთანაც გარკვეულ, ემოციურ კავშირს გრძნობენ“, – დასძენს ნოლანი.
აუქციონი 11 ნოემბერს დაიწყება და 13 ნოემბრამდე გასტანს. მსურველებს ნივთების შეძენა ონლაინ და ნიუ-იორკის „ჰარდ-როკ კაფე“-ში შეეძლებათ.
დატოვე კომენტარი