კუსტარულ საწარმოში Raffaello-ს, Jacobs Monarch-ს, Carte Noire-სა და Kinder Schokolade-ს ამზადებდნენ – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჯგუფურად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ორი პირი დააკავა. როგორც ირკრვევა, დაკავებულები კუსტარულ საწარმოში Raffaello-ს, Jacobs Monarch-ს, Carte Noire-სა და Kinder Schokolade-ს ამზადებდნენ და ყიდდნენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ქალაქ თბილისში მოწყობილი ჰქონდათ კუსტარული საწარმო, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ ძირითადად, ტკბილეულის და ყავის დამზადებას, რის შემდგომაც ახდენდნენ აღნიშნული პროდუქციის „Raffaello”-ს და „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებას და რეალიზაციას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა, სარეალიზაციოდ გამზადებული, 10 000 ერთეულზე მეტი „Jacobs Monarch”-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ერთჯერადი ყავა და 2 400 ერთეულზე მეტი „Raffaello”-ს სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ტკბილეული.

ასევე, ჩხრეკის შედეგად, აღმოჩენილი და ამოღებული იქნა ყავა „Jacobs Monarch”-ის და „Carte Noire“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონო ნიშანდებული ლენტები, ვადაგასული ტკბილეული „Kinder Schokolade”-ის, “Jacobs Monarch”-ის და „Raffaello”-ს ყუთები, ყალიბები, ბეჭდები და ზემოხსენებული პროდუქციის შეფუთვისათვის და წარმოებისათვის განკუთვნილი ტექნიკური დანადგარები“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, როგორც დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, ასევე იმ ობიექტების დადგენა-გამოვლენის მიზნით, სადაც აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდებოდა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 3-დან 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.