„ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული სპორტული გამოცემა Goal.com-ის რეიტინგში, რომელიც 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შანსებს აფასებს, ხუთი პოზიციით დაწინაურდა. შედეგად, ნეაპოლელთა თავდამსხმელმა ათეულში გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ოქტომბერში Goal.com-მა 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის კვარაცხელია მე-15 ადგილზე დაასახელა. განახლებულ რეიტინგში კი 21 წლის ფეხბურთელმა სადიო მანეს, გაბრიელ ჟეზუშს, ჰარი კეინს, ფილ ფოდენსა და ქარიმ ბენზემას გადაუსწრო.
„ევროპულ ფეხბურთში სეზონის გამორჩეული ვარსკვლავი, „კვარადონა“ დაეხმარა „ნაპოლის“ სერია A-ს ლიდერობაში, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის მოგებაში“, – წერს Goal.com-ი.
გამოცემის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდა, ასევე კვარაცხელიამ ტრავმის გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, მას სეზონის მეორე ნახევრისთვის ფორმაში ჩადგომა და ამ დანაკლისის ანაზღაურება შეუძლია.
Goal.com-ის რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (პსჟ)
2. ნეიმარი (პსჟ )
3. კილიან მბაპე (პსჟ)
4. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
5. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
6. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
7. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
8. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)
9. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
10. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
დატოვე კომენტარი