კონფლიქტისა და შეიარაღების წამყვანი კვლევითი ცენტრი, ცივი ომის შემდგომ პირველად, გლობალური ბირთვული არსენალის ზრდას ვარაუდობს. უახლოეს პერიოდში არსენალის ზრდას ბოლო ათწლეულის განმავლობაში ბირთვული იარაღის გამოყენების ყველაზე მაღალი რისკი განაპირობებს.
სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) განცხადებით, მსოფლიოს ცხრა ბირთვულ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და დასავლეთის მხრიდან კიევის მხარდაჭერის შემდგომ გამძაფრდა. 2021 წლის იანვრიდან 2022 წლის იანვრამდე ბირთვული იარაღის რაოდენობის შემცირების მიუხედავად, SIPRI-ის გაფრთხილებით, თუ ბირთვული ძალების მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირება არ მოხდება, ათწლეულების განმავლობაში პირველად, გლობალური ბირთვული არსენალის მარაგები გაიზრდება.
ბირთვული იარაღით შეიარაღებული თითოეული სახელმწიფო ზრდის ან აახლებს არსენალს, რაც ამძაფრებს ბირთვულ რიტორიკას და იარაღის როლს ქვეყნების სამხედრო სტრატეგიებში. SIPRI-ის მონაცემებით, ბირთვული ქობინების გლობალური რაოდენობა, 2021 წლის იანვრის შემდგომ (13,080) 2022 წლის იანვარში 12,705-მდე შემცირდა. დაახლოებით 2,000 ქობინი, რომელთა თითქმის სრული უმრავლესობა რუსეთისა და აშშ-ის საკუთრებაა, მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იყო.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის ბირთვული ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ განაცხადა. ცნობისთვის, რუსეთს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული არსენალი აქვს, ჯამში 5,977 ქობინით, რაც შეერთებული შტატებისას დაახლოებით 550 ქობინით აღემატება. ორი ქვეყანა ქობინების გლობალური მარაგის 90%-ს ფლობს, თუმცა SIPRI-ის განცხადებით, ჩინეთი გაფართოების გზაზეა დაახლოებით 300-ზე მეტი ახალი სარაკეტო სილოსით.
დატოვე კომენტარი