კრიპტოვალუტების ამერიკული სავაჭრო პლატფორმის, Gemini-ს კვლევით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლათინურ ამერიკასა და აზია-წყნარ ოკეანეთში კრიპტოვალუტების მფლობელთა დაახლოებით ნახევარმა ციფრული აქტივები პირველად 2021 წელს შეიძინა. კვლევა 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლამდე პერიოდში ჩატარდა და მასში მონაწილეობას 20 ქვეყნიდან 30,000 მომხმარებელი იღებდა.
კვლევის მიხედვით, აღნიშნული მოცემულობა მსოფლიოში არსებულმა ინფლაციურმა გარემომ და ადგილობრივი ვალუტების მკვეთრმა გაუფასურებამ გამოიწვია.
Gemini-ს კვლევის თანახმად, კრიპტოვალუტების ფლობით ბრაზილია და ინდოეთი ლიდერობენ. ამ ქვეყნებში ციფრულ აქტივებს გამოკითხულთა 41% ფლობდა, მაშინ როდესაც შეერთებულ შტატებში ეს რიცხვი 20% უტოლდება, გაერთიანებულ სამეფოში კი – 18%-ს.
Gemini-ს აღმოჩენით, კრიპტოვალუტების მფლობელთა 79%-ს ციფრულ აქტივებთან დაკავშირებით გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმები აქვს. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ის ადამიანები, რომლებიც კრიპტოს არ ფლობენ და ცხოვრობენ ინფლაციისაკენ მიდრეკილ ქვეყნებში, ხუთჯერ უფრო მეტად არიან დაინტერესებული ინფლაციასთან გამკლავების მიზნით, კრიპტოს შეიძენონ.
სანაცვლოდ, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში გამოკითხულთა მხოლოდ 15% მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტის საშუალებით ინფლაციასთან ბრძოლა შეიძლება. ინდოეთსა და ინდონეზიაში კი ეს რიცხვი 64%-ს შეადგენს.
დატოვე კომენტარი