ბლოკჩეინ-მონაცემების კომპანიის, Chainalysis-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2021 წელს კრიმინალებმა კრიპტოინდუსტრიის დახმარებით 8.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხა გაათეთრეს, რაც დაახლოებით 30%-ით მეტია წინა წლის მონაცემებზე.
საკუთარ კვლევაზე დაყრდნობით, კომპანია აცხადებს, რომ ეს მონაცემები შესაძლოა სამართალდამცავი უწყებებისათვის მომავალში დამატებითი ჩარევის ბერკეტი გახდეს. Chainalysis-ის წინა გამოთვლებით, 2021 წელს „კრიპტოკრიმინალებმა“ 14 მილიარდი აშშ დოლარის გათეთრება შეძლეს.
Chainalysis-ის თანახმად, კვლევისას ის ისეთი კრიმინალების კრიპტოსაფულეებს შეისწავლის, როგორებიც ე.წ. ransomware-თავდამსხმელები, ვირუსული პროგრამების ოპერატორები, სკამერები, ადამიანებით მოვაჭრენი, დარქ-ნეტის ბაზრის ოპერატორები და ტერორისტული ჯგუფები არიან.
შესაბამისად, ბლოკჩეინ-მონაცემთა კომპანიამ გათეთრებული თანხის დაახლოებითი ოდენობის გამოთვლა სწორედ ამგვარ კრიმინალებთან დაკავშირებულ კრიპტოსაფულეებში კრიპტოვალუტების ნაკადების გამოკვლევით შეძლო.
უნდა გვესმოდეს ისიც, რომ დასახელებული თანხა ზუსტ რაოდენობას ფიზიკურად ვერ ასახავს. ამას კი ბლოკჩეინ-ტექნოლოგია უზრუნველყოფს. მისი დეცენტრალიზებული ტექნოლოგია ფაქტობრივად უზრუნველყოფს ყოველგვარი ტრანზაქციის ანონიმურობას, თუმცა გარკვეული ოპერაციებისათვის თვალყურის დევნება მაინც შესაძლებელია. როგორც ჩანს, Chainalysis-იც სწორედ ამგვარ ოპერაციებზე დაყრდნობით აწარმოებს საკუთარ კვლევას.
შეიძლება ითქვას, რომ 2021 წელი კრიპტოინდუსტრიისათვის გარდამტეხი აღმოჩნდა. შარშან ინდუსტრია დიდი სისწრაფითა და ტემპებით განვითარდა, გაჩნდა უამრავი ახალი კრიპტოვალუტა, რამაც „კრიპტოკრიმინალებს“ ოპერირების არეალი გაუზარდა.
ცნობისათვის, ფულის გათეთრების რისკების გამო კრიპტოვაჭრობის რეგულირებას საქართველოს ეროვნული ბანკიც გეგმავს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ფინანსურ ინსტიტუტს ჯერჯერობით კონკრეტული გეგმის თაობაზე განცხადება არ გაუკეთებია.
დატოვე კომენტარი