კიევის ეკონომიკის სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ქვეყანას 108 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი ინფრასტრუქტურული ზიანი მიაყენა. კვლევა მონაცემების დათვლისას დოკუმენტირებული ზიანის მონაცემებს ეფუძნება. კიევის ეკონომიკის სკოლის გათვლებით, ამ ზიანის აღდგენას დაახლოებით 185 მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება.
კვლევა 2022 წლის 1-ლი აგვისტოს მოცემულობის გათვალისწინებით ჩატარდა და საცხოვრებელი, არასაცხოვრებელი თუ სხვა სახის ინფრასტრუქტურული შენობების დაზიანების ან განადგურების შედეგებს ითვლის.
წინა კვლევა 13 ივნისის მდგომარეობას ითვალისწინებდა. მას შემდეგ კი ზიანი 12.8 მილიარდი აშშ დოლარითაა გაზრდილი. აღნიშნული ზრდა განადგურებული ან დაზიანებული უძრავი ქონების ობიექტების რიცხვის ზრდითაა განპირობებული. მათი წილი მთლიან ზარალში ყველაზე დიდია.
ბოლო მონაცემების მიხედვით, რუსეთის თავდასხმების შედეგად სულ მცირე 129,900 საცხოვრებელი ობიექტია განადგურებული ან დაზიანებული. აქედან 114,700 ობიექტი კერძო სახლია, 15,100 კი მრავალბინიანი კორპუსი.
უფრო კონკრეტულად, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ სულ მცირე 388 საწარმო, 18 სამოქალაქო აეროპორტი, 764 საბავშვო ბაღი, 43,700 ერთეული სასოფლო-სამეურნეო დანადგარი, 1,991 მაღაზია, 27 მოლი, 511 ადმინისტრაციული შენობა, 28 ნავთობის საცავი, 105,200 კერძო ავტომობილი და 634 კულტურული ობიექტი დაზიანდა ან განადგურდა.
დატოვე კომენტარი