კვლევა: უფრო სუფთა ჰაერის პირობებში, ინდოელები 5.6 წელიწადით მეტს იცოცხლებდნენ

კვლევა: უფრო სუფთა ჰაერის პირობებში, ინდოელები 5.6 წელიწადით მეტს იცოცხლებდნენ

ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენერგო პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარების ბოლო კვლევის თანახმად, რეგიონის მომწამვლელი ჰაერის გასუფთავება ნეპალის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და ინდოეთის მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობას 5.6 წელიწადით გაზრდიდა.

ენერგო პოლიტიკის ინსტიტუტის მონაცემების მიხედვით, ჰაერის ხარისხის სიცოცხლის ინდექსი აჩვენებს, რომ თუკი ჰაერის დაბინძურება შემცირდებოდა და თანხვედრაში იქნებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინით გათვალისწინებულ დონესთან, მაშინ საშუალო სტატისტიკური ადამიანი დამატებით 2.2 წლით მეტს იცოცხლებდა. აღნიშნული კი ყველაზე მომგებიანი მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ რეგიონში, ინდოეთის სუბკონტინენტზე იქნებოდა. აქ ადამიანები ამ სცენარის შემთხვევაში დაახლოებით 5 წლით მეტს იცოცხლებდნენ.

ანგარიშის მიხედვით, წიაღისეული საწვავის გამონაბოლქვისა და კლიმატური ცვლილების შესამცირებლად უკვე არსებულ მიდგომებს ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია.

თუმცა, კვლევაში, ასევე აღნიშნულია, რომ შემარბილებელი პოლიტიკა აუცილებლად ადგილობრივი უნდა იყოს იქიდან გამომდინარე, რომ დაბინძურების წყაროები ძირითადად ადგილობრივი მიზეზებია. მართალია დაბინძურებული ჰაერი კონკრეტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე არ რჩება და ის მის საზღვრებს სცდება, თუმცა მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებული ქალაქები საკუთარ ტერიტორიას თავადვე აბინძურებენ. შესაბამისად, მისი მოგვარების შესახებაც თავადვე უნდა იზრუნონ.

ენერგო პოლიტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, სამხრეთ აზია მსოფლიოში ყველაზე მეტად დაბინძურებული რეგიონია. მსოფლიოს ხუთი ყველაზე დაბინძურებული სახელმწიფოდან კი 4 – ბანგლადეში, ინდოეთი, ნეპალი და პაკისტანი, სწორედ აქ მდებარეობს. ამ რეგიონზე მსოფლიო დაბინძურების დაახლოებით მეოთხედი მოდის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *