მდიდრული ავტომობილების მწარმოებლის, Lamborghini-ს მიერ 2019 წელს წარდგენილი Off-Road Huracan-ის საწარმოო ვერსია, როგორც იქნა, მზადაა. 4-წლიანი ლოდინის შემდეგ, ავტომოყვარულების წინაშე საკულტო მოდელის მაღალი გამავლობის ვერსია წარსდგა. იტალიური ავტომწარმოებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის Off-Road Huracan Sterrato შეზღუდული რაოდენობით, 1,500 ერთეული იწარმოება. მომხმარებლებისათვის მიწოდება კი მომდევნო წლიდან დაიწყება.
ავტომობილი საკულტო მნიშვნელობის ბევრი ფაქტორის გამოა. გარდა იმისა, რომ Lamborghini-სათვის ეს პირველი მაღალი გამავლობის სუპერქარია, Huracan Sterrato ის უკანასკნელი მოდელი იქნება, რომელშიც იტალიური ბრენდი საკუთარ ლეგენდარულ 10-ცილინდრიან (V10) ძრავას გამოიყენებს.
საინტერესოა, რომ ავტომობილის საწარმოო ვერსია მისი 2019 წლის კონცეპტისაგან დიდად არ განსხვავდება. Lamborghini-ს განცხადებით, ეს ინჟინრების თავდაუზოგავი შრომის შედეგია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური ბრენდის გუნდი კონცეპტ ვერსიებს უდაბნოს პირობებში წლები ცდიდა. მათი განცხადებით, უმთავრესი გამოწვევა ძრავაში ჰაერის შეტანისას მტვრის ნაწილაკების მოხვედრის თავიდან აცილება გახლდათ, რასაც თავი საბოლოოდ მაინც გაართვეს.
თუმცა, ამ სისტემის გამართვამ, Huracan Sterrato-ს ძრავის შესაძლებლობები, მცირედით, მაგრამ მაინც შეამცირა. რეგულარულ Huracan-თან შედარებით, Sterrato 30-ით ნაკლები, 601 ცხენისძალის გამომუშავებას შეძლებს. Lamborghini-ს პროგნოზით, ავტომობილი 0-დან 100-მდე აჩქარებას 3.4 წამში შეძლებს, რაც შესანიშნავი შედეგია.
უნდა ითქვას, რომ იტალიურ ბრენდს ჯერჯერობით Sterrato-ს ინტერიერის ფოტოები არ გაუვრცელებია. თუმცა, მისი ექსტერიერიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერიერიც მაღალი გამავლობის, არაორდინალურ პირობებს იქნება მორგებული.
Lamborghini Huracan Sterrato-ს ღირებულება ევროპაში 270,000 აშშ დოლარი იქნება. ავტომობილი Huracan-თან ერთად გაიყიდება, მანამ, სანამ ამ უკანასკნელის გაყიდვები შეწყდება.
დატოვე კომენტარი