ესპანეთის წამყვანი კლუბის, „ბარსელონას“ დავალიანება 1.35 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, ამის შესახებ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა.
კატალონიური გრანდის პრეზიდენტის ინფორმაციით, „ბარსელონამ“ 2020-2021 წლებში 481 მილიონი ევრო დაკარგა. ესპანური კლუბის დავალიანებიდან თითქმის 390 მილიონი ევრო ფეხბურთელების ხელფასებს უკავშირდება, ხოლო 670 მილიონი ევრო ბანკის ვალზე მოდის. გარდა ამისა, ლაპორტას განცხადებით, კლუბზე კოვიდ-19 პანდემიის გავლენამ 91 მილიონი ევრო შეადგინა.
პრესკონფერენციის დროს ლაპორტამ აღნიშნა, რომ კლუბის შემოსავლის 103% ხელფასებზე იხარჯება, რაც კონკურენტების მიერ დახარჯულ თანხაზე 20-25%-ით მაღალია. ამის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ ხელფასების დაახლოებით 200 მილიონი ევროთი შემცირებას და ახალი ფეხბურთელების სტიმულირებაზე კონცენტრირებას გეგმავს.
ლაპორტა კლუბში შექმნილ რთულ სიტუაციაში, რამაც გაართულა ბარსელონას ფეხბურთელებთან მოლაპარაკება და საბოლოოდ ლიონელ მესის წასვლაც გამოიწვია, კლუბის წინა ადმინისტრაცია და ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ ბართომეუ დაადანაშაულა. შეგახსენებთ, რომ ბართომეუ გასულ წელს ფინანსური პრობლემების ფონზე გადადგა, თუმცა ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ წერილში ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი მმართველობის პერიოდში რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა უარყო.
ახალი ფეხბურთელების შესაძენად, კლუბის მიერ ხელფასის შემცირებას უკვე დაეთანხმა „ბარსელონას“ მცველი ხერარდ პიკე. კლუბში იმედოვნებენ, რომ სხვა ვეტერანი ფეხბურთელები, როგორებიც არიან სერხიო ბუსკეტსი, ხორდი ალბა და სერხი რობერტო პიკეს მსგავსად მოიქცევიან. მიუხედავად პირველ თამაშში მიღწეული გამარჯვებისა, კლუბის გულშემატკივრები პრეზიდენტს მესის დაკარგვის გამო კვლავ აკრიტიკებენ. თუმცა, როგორც ლაპორტამ განაცხადა, ლეო მესის წასვლა იყო სამწუხარო, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელი კლუბისთვის, რადგან სისტემა ყველაფერზე წინ დგას.
დატოვე კომენტარი