რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს ლარის გაცვლითი კურსის ცვლილებას საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების მიმართ, სამომხმარებლო ფასების ინდექსებს შორის თანაფარდობის ცვლილების გათვალისწინებით. გაანგარიშებაში ჩართულია ის ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს ყველაზე მაღალი სავაჭრო ბრუნვა აქვს, ესენია: ევროზონა, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, სომხეთი, აშშ, ბულგარეთი, იაპონია. აპრილში ლარის რეალური ეფექტური კურსი განისაზღვრა აშშ დოლარის, ევროს, თურქული ლირას და რუსული რუბლის მიმართ.
ცალკეულ ქვეყნებთან დაფიქსირებული რეალური გაცვლითი კურსები ერთიანდებაინ რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსში. რაც უფრო დიდია სავაჭრო ბრუნვა კონკრეტულ ქვეყანასთან, ამ ქვეყნის ვალუტასთან ლარის კურსის ცვლილებას მეტი გავლენა აქვს ინდექსის საბოლოო მაჩვენებელზე. ინდექსის ზრდა ნიშნავს ეროვნული ვალუტის რეალურ გამყარებას და საგარეო ვაჭრობაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის დაქვეითებას, ხოლო ინდექსის შემცირება – პირიქით. მაგალითად, თუ რუსული რუბლის მიმართ ლარი მყარდება, საქართველოს ექსპორტი რუსეთში ძვირდება, ხოლო რუსეთის იმპორტი საქართველოში იაფდება. თუ ამას თან ახლავს, რუსეთში ინფლაციის მატება (ზოგადად პროდუქტების გაძვირება), მაშინ რუსული რუბლის გაუფასურების ქართულ ექსპორტზე უარყოფითი გავლენა შემცირდება. სწორედ ამიტომ ითვალისწინებს რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი ქვეყნებში ფასების ზრდის ტემპებს შორის თანაფარდობას.
2016 წლის აპრილში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 2.1 პუნქტით გაიზარდა და 125.9 შეადგინდა. ის დაუბრუნდა 2015 წლის თებერვლის მაჩვენებელს. რეალური კურსის გამყარება, ლარის რუსულ რუბლთან მიმართებით მნიშვნელოვანმა გამყარებამ განაპირობა.
დატოვე კომენტარი