მიმდინარე წლის 10 იანვრიდან ლარმა დოლარის მიმართ გამყარება დაიწყო და 28 თებერვლის მდგომარეობით დაახლოებით 20 თეთრით (7.5%-ით) გამყარდა. ლარის გამყარების მიზეზებთან დაკავშირებით ფორბსი ეკონომისტ ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა.
ბესო ნამჩავაძის თქმით: “ბოლო ორნახევარი წელია ლარის კურსს დაცემის ტენდენცია აქვს, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში იყო მცირედი გამყარებებიც. ეს მცირედი გამყარებები ისევ გაუფასურების ტენდენციით იცვლებოდა, რადგან ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები ფაქტობრივად არ შეინიშნებოდა. ეხლა კი განსხვავებული სიტუაციაა. იანვარში 45%-ით გაიზარდა ექსპორტი, 32%-ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, 26%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან, ეკონომიკური ზრდის ტემპმა კი 5.2% შეადგინა. ყოველივე ეს დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე. ამას ემატება ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორების თურქეთის, რუსეთის და აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტების გამყარებაც. მათი ვალუტების გამყარება ხელს უწყობს ჩვენი სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას და აქედან გამომდინარე, დადებითად მოქმედებს ლარის კურსზე. სახელმწიფო ბიუჯეტიდან შედარებით დაბალანსებული ხარჯვაა.
თებერვლის მონაცემები ჯერ არ ვიცით, მაგრამ ლარის კურსის ცვლილებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ოპერატიული ინფორმაციიდან ჩანს, რომ დადებით ტენდენციები სავარაუდოდ თებერვალშიც გაგრძელდა.
ეხლა ჩვენთვის უფრო დიდი გამოწვევა ინფლაციის დონეა, რომელიც იანვარში ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს 4%-ს მიუახლოვდა. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც წარმოების საშუალება – საწვავი გაძვირდა. აქციზის ზრდამ აიძულა ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკა გაემკაცრებინა. სხვა შემთხვევაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება საჭირო არ იქნებოდა და დღეს უფრო დაბალი ინფლაცია და უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გვექნებოდა.”
დატოვე კომენტარი