ლარის გამყარების ფაქტორები

ლარის გამყარების ფაქტორები

ბოლო 30 დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 29 თეთრზე მეტად გამყარდა. 3 ივნისის ვაჭრობის შედეგად ერთი აშშ დოლარი 3.15 ლარი ღირს. გამყარების ტენდენცია იმდენად საგრძნობია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად ისმის კითხვა – რატომ მყარდება ლარი? რა ფაქტორები მოქმედებს მასზე?

ეკონომისტები და ექსპერტები რამდენიმე ფაქტორს ასახელებენ, ესენია: ეკონომიკის გახსნა, სახმელეთო საზღვრების გახსნა, უცხოეთიდან გადმორიცხვების ზრდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და პოზიტიური მოლოდინები.

როგორც Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი ამბობს, საკმარისი ინფორმაცია, რომ ზუსტად გავიგოთ, ამ კონკრეტულ დღეს რატომ გამყარდა ლარი, ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ახლა იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეროვნულ ვალუტაზე პოზიტიური მოლოდინები მოქმედებს. მაგალითად, ვაქცინაციის ტემპების დაჩქარების მოლოდინი და მოლოდინი იმისა, რომ მკაცრი ლოქდაუნი აღარ იქნება. ამასთან, აპრილში რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე გაზრდა, ბოჭორიშვილის მოსაზრებით, ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი მამოძრავებელი შეიძლება იყოს.

„ასევე შემცირებულია დეპოზიტების დოლარიზაცია, ანუ, რასაც აჟიოტაჟურ ქცევას ვეძახით, არის სწორედ ეს, რომ ლარზე ხდებოდა ზეწოლა და ახლა ეს შემცირებულია. ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც კურსზე დადებით გავლენას ახდენს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია კი კურსის გამყარების რამდენიმე ფაქტორს შორის უმთავრესად ქვეყანაში გაუმჯობესებულ სავალუტო შემოდინებებს ასახელებს. მაგალითად, აპრილში საქართველოს ექსპორტი 70%-ით გაიზარდა და $378 მილიონს მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2019 წლის ექსპორტსაც 22%-ით აღემატებოდა. ამავე თვეში ფულადი გზავნილები 145%-ით $194 მილიონამდე გაიზარდა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი, პანდემიის შემდეგ პირველად, თვეში $50 მილიონს გადააჭარბა. ამ ფაქტორებმა დადებითი ტენდენცია მაისშიც შეინარჩუნა.

„დავამატებდი, რომ ეროვნულმა ბანკმა გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა და ლარის რესურსი გააძვირა. ლარის გაძვირებამ და რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-მდე გაზრდამ ხელი შეუწყო იმ თვალსაზრისითაც, რომ საბანკო სექტორში საკმაოდ გააქტიურებულია სავალუტო სესხების გაცემა. მაგალითად, აპრილამდე თუკი ახალი დაკრედიტება თითქმის მთლიანად ლარში იყო და საბანკო სისტემაში ჭარბი დოლარი დაგროვდა, ეს დაკრედიტება აღდგა, შექმნილ სიტუაციაში ის ფაქტობრივად ინტერვენციების ტოლფასია და ლარის გამყარებას ეხმარება“, – ამბობს ნადარაია.

ბიზნესის მოლოდინებიც პოზიტიურია, თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” დირექტორი გია პეტრიაშვილი აღნიშნავს, რომ ლარის გამოცოცხლება მათ დამშვიდების საფუძველს არ აძლევს. “დიოს” აღმასრულებელი დირექტორი თამაზ დაუშვილი კი ამბობს, რომ ლარის გამყარების დადებითი ტენდენცია დიდწილად ვაქცინაციის ტემპით იყო განპირობებული, თუმცა თუ ტემპი არ მოიმატებს და პროცესების შენარჩუნება არ მოხდება, შესაძლოა, ლარის გამყარების ტენდენცია შეიცვალოს. „აღდგენის ხანა მოდის, ეკონომიკა უნდა აღდგეს ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაბილური ვალუტა“,- აცხადებს ის.

რაც შეეხება პროგნოზებს, Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის, ევა ბოჭორიშვილის მოლოდინია, რომ თუკი არსებული პოზიტიური ფაქტორებიდან უარყოფითი მიმართულებით არაფერი შეიცვალა, გამყარების ტენდენცია გაგრძელდება.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ 2021 წლის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, შვიდი სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი გაყიდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *