ლარის კურსმა დოლარის მიმართ 2.70-ს მიაღწია და გაუფასურებას განაგრძობს. ამ თემასთან დაკავშირებით, “ფორბსი” ეკონომისტ ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა.
“როდესაც ლარი ერთ დღეში დაახლოებით 15 თეთრით უფასურდება, ეს არ შეიძლება აიხსნას იმით, რომ ეკონომიკაში რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია, ასეთი ცვლილებები ერთ დღეში ვერ მოხდება. საქმე გვაქვს მოლოდინების ცვლილებასთან. მოლოდინების ცვლილება კი მთავრობის მიერ გაჟღერებულმა 10-პუნქტიანმა სამოქმედო გეგმამ განაპირობა. რადგან პირველი იანვრიდან აქციზური საქონელი ძვირდება, იმპორტიორები წინასწარ შეიძენენ რაც შეიძლება მეტს, ეს კი დოლარზე მოთხოვნას ზრდის და ლარს აუფასურებს.
ამასთან, ბანკებს 100 ათას ლარამდე სესხების დოლარში გაცემა აღარ შეეძლებათ და უკვე გაცემული სესხების ნაწილი ლარში უნდა გადაიყვანონ. ეს ზრდის რისკებს ბანკებისთვის, რადგან მათ გასასესხებელი ფული დოლარში აქვთ და სავალუტო რისკი მთლიანად მათზე გადადის. ბანკები ყიდულობენ დოლარს წინასწარ, რომ შემდეგ ამ დოლარებით თავის ვალდებულებებს მოემსახურონ. ესეც ზრდის დოლარზე მოთხოვნას და ლარს აუფასურებს.
ამ ყველაფერს თან ერთვის ე.წ. “ჯოგური ეფექტი”, ხალხი ხედავს ლარი უფასურდება და ჩქარობს დოლარის შეძენას.
ასევე ემატება წინასაახალწლო პერიოდი, როდესაც ქვეყანაში მოხმარება, მათ შორის იმპორტირებული პროდუქციის მოხმარება იზრდება.
მთავრობამ აქამდე ვერ მოახერხა ბიუჯეტის მხარდამჭერი უცხოური გრანტების და კრედიტების მიღება, 200 მლნ დოლარამდეა დანაკლისი. ეს თანხა მნიშნველოვნად დაეხმარებოდა ლარს.”
დატოვე კომენტარი