საქართველოში ტურიზმის აღდგენის ნიშნები არის, თუმცა – ჯერ მხოლოდ მცირე. მთავრობის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრებიც გაიხსნება, რის შემდეგაც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდას ელოდებიან. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მოლოდინია, რომ საზღვრების გახსნა მყისიერად აისახება ეკონომიკაზე და მათ შორის ლარის კურსზეც.
ეკონომისტებიც ეროვნული ვალუტის გამყარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად სწორედ ტურიზმის სექტორის აღდგენას მიიჩნევენ. მაგალითად, Forbes Georgia-ს მაისის ნომერში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე წერს, რომ ლარს ცალსახად გაამყარებს ტურიზმის 2019 წლის დონის თუნდაც სანახევროდ აღდგენა. მისივე თქმით, უცხოური ვალუტის სხვა ახალი მნიშვნელოვანი ნაკადების მიღების წყარო საქართველოს არა აქვს.
თუმცა ეკონომისტი იმასაც აღნიშნავს, რომ ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია ვაქცინაციის სწრაფი ტემპები და ტურისტებისთვის ქვეყნის საზღვრების სრულად გახსნა. „ყველა სხვა გამოსავალს აქვს მძიმე ფასი, რომელიც ლარის გაუფასურებისგან მიღებულ ზარალზე არანაკლები ტვირთი იქნება მოსახლეობისთვის“, – წერს ეკონომისტი.
გარდა ამისა, როგორც ბესო ნამჩავაძე მიიჩნევს, იმისათვის, რომ ლარი მნიშვნელოვნად არ გაუფასურდეს და ინფლაცია და ქვეყნის ვალი არ გაიზარდოს, ვირუსის ნებისმიერი მასშტაბით გავრცელების პირობებში მთავრობამ გასული წლის მსგავსი მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები არ უნდა დააწესოს.
ის ასევე წერს, რომ მთავრობამ თავი უნდა დაანებოს სუბსიდირების ისეთ პროგრამებს, რომლებიც გარკვეულ დარგებში მოთხოვნას ხელოვნურად ზრდის, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გავლენას აზიანებს და საბოლოო ჯამში ლარის გაუფასურებას და ინფლაციის მატებას უწყობს ხელს. „ეკონომიკის სტიმულირება საბაზრო საპროცენტო განაკვეთების შემცირებით უნდა მოხდეს და არა სუბსიდირების პროგრამებით“, – აღნიშნავს ეკონომისტი.
ცნობისთვის, 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, თებერვლის შემდეგ პირველად, დოლარის ღირებულება 3.3 ლარს ჩამოსცდა. ამჟამად ერთი დოლარი 3.2993 ლარი ღირს, ერთი ევრო კი 4.0420 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, შვიდი სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი გაყიდა.
დატოვე კომენტარი