სექტემბერში ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 1.8% პუნქტით გაიზარდა და 20.6% შეადგინა. ამასთან, ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 2.1% პუნქტით გაიზარდა და 24.5%-ს მიაღწია. დოლარში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 0.1% პუნქტით შემცირდა და 10.9%-ს გაუტოლდა.
გასულ თვეში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 321 მილიონი ლარით გაიზარდა. ლარში გაცემული სესხები 87 მილიონი ლარით, ხოლო დოლარში გაცემული სესხები 234 მილიონი ლარით გაიზარდა. საერთო სესხებში დოლარში გაცემული სესხების წილი 64.1%-ზე დაფიქსირდა. 2015 წლის პირველ ცხრა თვეში ლარში გაცემული სესხების მოცულობა ჯამში 563 მილიონი ლარით გაიზარდა. დოლარში გაცემული სესხები 2 185 მილიონი ლარით გაიზარდა. თუმცა, ზრდა ძირითადად ლარის კურსის გაუფასურებითაა გამოწვეული, თუ დოლარში დავიანგარიშებთ, უცხოური ვალუტით გაცემული სესხები მხოლოდ 24 მილიონი დოლარით არის გაზრდილი.
დატოვე კომენტარი