ლას-ვეგასში მსოფლიოში უდიდესი სფერული ნაგებობა განათავსეს

ლას-ვეგასში მსოფლიოში უდიდესი სფერული ნაგებობა განათავსეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, დამოუკიდებლობის დღეს, მსოფლიოში ყველაზე დიდი LED-დისპლეი გაანათეს, მარტივი გზავნილით: „Hello World“. ოფიციალურად „მედისონ სქუერ გარდენის სფერო“, ან უბრალოდ „სფერო“, მსოფლიოში უდიდესი სფერული ნაგებობაა. პროექტის ღირებულება $2.3 მილიარდია.

შენობის სიმაღლე 111 მეტრს აღწევს და 157 მეტრის სიგანეზეა განთავსებული, რაც ზომით, შვედეთის Avicii Arenaსაც კი აღემატება. ყველაზე შთამბეჭდავი კი ნაგებობის LED-ექსტერიერია, რომელიც თითქმის 54,000 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს. ექსტერიერი დაახლოებით 1.2 მილიონი LED-ნათურასგან შედგება და სრულად პროგრამირებადია.

ნაგებობას გასართობი სივრცის დანიშნულება აქვს და 17,600 დასაჯდომ, ან 20,000-მდე ფეხზე დასადგომ ადგილს იტევს. „სფერო“ ძირითადად კონცერტებისა და სპორტული ღონისძიებებისთვის იქნება გამოყენებული, როგორიცაა კრივი და შერეული საბრძოლო ხელოვნება. მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, შენობის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე როკჯგუფი U2 წარდგება.

ინტერიერის დიზაინის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გასაჯაროებულა, თუმცა როგორც ცნობილია, შენობის ძირითად ნაწილს მასიური მოხრილი 16K x 16K LED-ეკრანი დაიკავებს. გარდა ამისა, შენობაში 4D-ტექნოლოგიების საშუალებით, ისეთი შეგრძნებების სიმულაცია იქნება შესაძლებელი, როგორიცაა გრილი ნიავი, ტემპერატურის ცვლილება და სურნელებაც კი. ხოლო კამერის სპეციალიზებული სისტემით 18K გამოსახულებაში წამში 120 კადრის გადაღება იქნება შესაძლებელი.