უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლატვიისაგან საჩუქრად ოთხი ერთეული ვერტმფრენი მიიღო. უახლოეს მომავალში ლატვიის მიერ უკრაინისათვის გადაცემული შვეულმფრენები ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოპერაციებში სრულფასოვნად ჩაერთვებიან. ამის შესახებ Twitter-ის საკუთარ ანგარიშზე ლატვიის თავდაცვის მინისტრი, არტის პაბრიკსი წერს.
ლატვიური მედიის ინფორმაციით, ორი ერთეული Mi-17 და ორი ერთეული Mi-2 უკრაინაში ნაწილობრივ დაშლილ მდგომარეობაში გაიგზავნა. გაგზავნამდე ერთ-ერთ Mi-17-ს დამატებითი სარემონტო სამუშაოებიც ჩაუტარდა. უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები მათ გამოყენებას სრულყოფილად აწყობის შემდეგ დაიწყებს.
ცნობისთვის, ლატვია იმ სახელმწიფოთაგან ერთ-ერთი გახლავთ, რომელთაც უკრაინას დიდი რაოდენობით სამხედრო დახმარება მიაწოდეს. ლატვიელების მიერ უკრაინელებისათვის გადაცემულ სამხედრო აღჭურვილობასა და შეიარაღებას შორისაა უპილოტო საფრენი აპარატები, მშრალი ულუფა ჯარისკაცებისათვის, ტყვია-წამალი, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და ხელით გადასატანი საზენიტო კომპლექსები – Stinger-ები.
საერთო ჯამში, 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, ლატვიის მიერ უკრაინისათვის მიწოდებული შეიარაღების ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს.
დატოვე კომენტარი