ბუნებრივი აირის სავალდებულო შენახვაზე შეთანხმების შემდგომ, ამჟამინდელი მდგომარეობით, წლიურ მოხმარებასთან შედარებით მომავალი ზამთრისთვის ევროკავშირში გაზის უმსხვილესი რეზერვები ლატვიას, სლოვაკეთსა და ავსტრიას აქვთ. ცნობისთვის, ბუნებრივი აირის სავალდებულო შენახვაზე შეთანხმებას ევროკავშირმა გასულ თვეში მიაღწია.
მაგალითისთვის, ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურის ოპერატორის მონაცემებით, სლოვაკეთის რეზერვები წლიური მოხმარების 36%-მდე უკვე შევსებულია. ქვეყანას შემნახველი საწყობი ჩეხეთშიც აქვს, რომელიც სლოვაკეთის სადისტრიბუციო ქსელთანაა დაკავშირებული. აღნიშნული რეზერვებით, სლოვაკეთი ბუნებრივი აირის მოხმარების ნახევარზე მეტს უზრუნველყოფს და რუსეთის მხრიდან გაზის იმპორტის სრულად შეჩერების შემთხვევაშიც შეძლებს მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე გადაურჩეს მომავალ ზამთარს.
ევროკავშირის ფარგლებში, თუ ჩეხეთში სლოვაკეთის ობიექტებს არ ჩავთვლით, ყველაზე დიდი მოცულობის რეზერვები ავსტრიასა და ლატვიას აქვთ. ავსტრიის რეზერვები ბუნებრივი აირის წლიური მოხმარების 43.3%-ს, ხოლო ლატვიის შემთხვევაში 78%-ს უტოლდება. ევროკავშირში ასევე ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი უახლოეს დღეებში Nord Stream 1-ის საბოლოო გათიშვას, ბუნებრივი აირის იმპორტის სრულად შესაჩერებლად გამოიყენებს. გერმანიამ, რომლის რეზერვების მხოლოდ 14.55%-ია შევსებული, სამდონიანი კრიზისული გეგმის მეორე დონე უკვე გამოაცხადა, ქვეყნები კი უარესი სცენარისთვისაც ემზადებიან.
გასულ თვეში ევროკავშირის მიერ მიღწეული შეთანხმება, ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს გაზის შენახვას ავალდებულებს. მიზანი, 2022 წლის პირველ ნოემბრამდე ბლოკის რეზერვების მინიმუმ 85%-ით შევსება და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბუნებრივი აირის საცავის გაზიარებაა, რაც არსებული ენერგოკრიზისის ფონზე ქვეყნებს ზამთარში გაზის დეფიციტისგან დაიცავს.
დატოვე კომენტარი