ლატვიის პარლამენტმა დღეს გამართული კენჭისყრით, სახელმწიფო მეთაურად ედგარს რინკევიჩსი აირჩია. პარტიების მიერ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულნი იყვნენ მეწარმე და ბიზნესმენი ულდის პილენსი, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი ელინა პინტო და საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.
ბალტიისპირეთის ქვეყნის 100-ადგილიანი სეიმის საკანონმდებლო ორგანომ რინსკევიჩსი პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით აირჩია. ნავარაუდები იყო, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას, მეორე ვადით ასარჩევად, ლატვიის მოქმედი პრეზიდენტი, ეგილს ლევიტსიც მიიღებდა. თუმცა მიმდინარე თვის დასაწყისში ლევიტსმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო, რადგან პრემიერ კრიშიანის კარინშის სამპარტიულ კოალიციურ მთავრობაში პარტიები ერთობლივ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ და არჩევნებში მონაწილეობასაც აღარ გეგმავდა.
ლატვიის პრეზიდენტს ძირითადად ფორმალური როლი აქვს და ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის თითქმის მესამედი რუსულად მეტყველებს, უფრო მეტად აზრის ლიდერად და გამაერთიანებელ ფიგურად მიიჩნევა. პრეზიდენტი ქვეყანას საზღვარგარეთ წარმოადგენს, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მეთაურის წოდება აქვს, ხელს აწერს კანონმდებლობებს, წარადგენს პრემიერს და უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი.
49 წლის რინკევიჩსი 2011 წლიდან ლატვიის წამყვანი დიპლომატია და უკრაინისადმი ერთგული მხარდაჭერით გამოირჩევა. ლატვიის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 8 ივლისსაა დანიშნული. აღსანიშნავია, რომ რინკევიჩსი ქვეყანას ივლისში, ვილნიუსში გამართულ ნატოს სამიტზე წარადგენს.