ექვსი ოქროს ბურთის მფლობელი, არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი, კარიერას ფრანგულ კლუბ „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს. ლეო მესი კატალონიურ კლუბ „ბარსელონაში“ 21 წლის განმავლობაში ირიცხებოდა.
არგენტინელ ფეხბურთელსა და პარიზულ კლუბს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა, დამატებით 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. კონტრაქტის პირობებით, ლეო მესის წლიური ანაზღაურება პსჟ-ში 25 მილიონი ევრო იქნება.
ლეო მესისა და პარი სენ-ჟერმენს შორის შეთანხმების მიღწევა ფეხბურთელის მამამ და აგენტმა, ხორხე მესიმ ესპანურ გამოცემასთან დაადასტურა. ესპანურმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, მესის შესანარჩუნებლად, კატალონიური კლუბის მიერ განხორციელებული ბოლო მცდელობების შესახებ. მიუხედავად ამისა, არგენტინელ ფეხბურთელთან დაახლოებული პირები კლუბისგან ოფიციალური შემოთავაზების მიღებას უარყოფენ.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესი თავისუფალი აგენტის სტატუსით 1 ივლისიდან სარგებლობს. 21-წლიანი თანამშრომლობის შემდგომ, ფინანსური და სტრუქტურული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე, მესისა და კატალონიურ კლუბს შორის ახალი ხელშეკრულება ვერ შედგა.
დატოვე კომენტარი