ხომ საინტერესოა, რა აკავშირებს ერთმანეთთან ავტომობილს და იაპონური სტუმართმოყვარეობის პრინციპს – “ომოტენაშის”? ამ კითხვაზე პასუხი 2018 წლის ოქტომბრიდან არის ცნობილი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აფასებს ხარისხს, ტრადიციებს, პროფესიონალურ დონეზე გაწეულ მომსახურებასა და დახვეწილ სტილს. ქართულ ბაზარზე იაპონური ბრენდის – “ლექსუსის” ოფიციალური დილერი ჯანსაღი ამბიციებითა და სანიმუშო პოზიციონირების ერთობ რეალური შანსებით გამოჩნდა. ბრენდის ფილოსოფიასა და გეგმებზე Forbes-ს “ლექსუს-თბილისის” გენერალური მენეჯერი, ლაშა ლომიძე ესაუბრა.
როგორია კომპანიის გათვლები/მოლოდინები ბაზარზე პოზიციონირების თვალსაზრისითოფიციალური წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ?
გარდა უპირობო ლიდერობისა საავტომობილო ბაზრის პრემიუმ-სეგმენტში, “ლექსუსის” მიზანი გაყიდვებისა და შემდგომი მომსახურების სფეროში ახალი სტანდარტის დანერგვაა. ჩვენ მზად ვართ, მნიშვნელოვნად ავწიოთ მომხმარებლისადმი მიდგომისა და მომსახურების ხარისხის თამასა, შევთავაზოთ ჩვენს მყიდველს “ლექსუსის” ბრენდის შესაბამისი, ყველასგან გამორჩეული და ექსკლუზიური სერვისი, რასაც ჩვენთან “ლექსუსის გასაოცარ გამოცდილებას” ვუწოდებთ.
ლაშა, რამ განაპირობა იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში. აგრეთვე საინტერესოა, როგორი იყო ბოლო წლებში საქართველოში “ლექსუსის” ბრენდის ავტომობილებზე მოთხოვნა და გაყიდვების ტენდენცია ?
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის ოფიციალური სადილერო საქართველოში არ არსებობდა, “ლექსუსის” ავტომობილებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდებოდა. სწორედ ამ ფაქტმა მიაღებინა “ლექსუსს” გადაწყვეტილება, ოფიციალურად შემოსულიყო ქართულ საავტომობილო ბაზარზე.ოფიციალური სადილეროს არარსებობის პირობებშიც კი, ქვეყანაში ყოველწლიურად 40-დან 70-მდე “ლექსუსის” ბრენდის ავტომობილი რეგისტრირდებოდა. ქართველი მომხმარებლის ლოიალურობა ამ ბრენდის მიმართ, პირველ რიგში განპირობებულია “ლექსუსის” ავტომობილების ხარისხითა და საიმედოობით. მიუხედავად იმისა, რომ პრემიუმ-სეგმენტის საერთაშორისოდ აღიარებულ ლიდერ კომპანიებს “ლექსუსთან” შედარებით ბაზარზე პოზიციონირების გაცილებით დიდი ისტორია აქვთ, 1989 წელს შექმნილი ბრენდი მათ ღირსეულ და სანიმუშო კონკურენციას უწევს. ასეა საქართველოს მაგალითზეც. გაყიდვების ტენდენციამ მხოლოდ დადებითი ბიზნესგათვლების გაკეთების საფუძველი მოგვცა. საავტომობილო ბაზრის პრემიუმ-სეგმენტი, ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში განუხრელად იზრდებოდა და, დარწმუნებულები ვართ, “ლექსუსი” აღნიშნული ზრდის ტემპის დაჩქარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
უფრო ვრცლად რომ მოგვიყვეთ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობის შესახებ საქართველოში (შოურუმი, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, წარმოდგენილი მოდელების რაოდენობა და ა.შ)…
“ლექსუს-თბილისი” ოფიციალურად მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა. შოურუმის კონცეფციის შემუშავებაზე სკრუპულოზურად არის ნაფიქრი: ფაქტობრივად, თითოეული დეტალი თავის სათქმელს ამბობს ამ სივრცეში – სივრცეში, სადაც ფუნქციონირებს როგორც ახალი ავტომობილების საგამოფენო დარბაზი, ისე გაყიდვის შემდგომი მომსახურების ტექნიკური ცენტრი. ოფიციალურად გახსნის დღიდან შოურუმში “ლექსუსის” სრული სამოდელო რიგია წარმოდგენილი: 7 სხვადასხვა კლასის ავტომობილი 20-მდე განსხვავებული მოდიფიკაციით. მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ სადემონსტრაციო ავტომობილებს საცდელი მართვისთვის და ჩასანაცვლებელი ავტომობილის სერვისს, თუ ავტომობილს ჩვენს სერვისცენტრში ერთ დღეზე მეტი ვადით გაჩერება მოუწია. ეს, მართალია, “ლექსუსის” შემთხვევაში დიდი იშვიათობაა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ეს სერვისიც ხელმისაწვდომია. გარდა საავტომობილო ასორტიმენტის მრავალფეროვნებისა და მოქნილი სერვისისა, მინდა აღვნიშნო, რომ შოურუმი “ლექსუსის” საერთაშორისოდ აღიარებული და უახლესი სტანდარტების სრული დაცვით არის შექმნილი. აქ მოსულ ადამიანებს მყუდრო და სტუმართმოყვარე გარემო ხვდებათ, რაც, ვფიქრობ, უფრო სასიამოვნოს ხდის ავტომობილის შერჩევისა თუ შეკეთების პროცესს.
თქვენ აღნიშნეთ, რომ სერვისს “ლექსუსში” დიდი ყურადღება ექცევა, ამ უკანასკნელის უზრუნველსაყოფად კი კვალიფიციური კადრებია საჭირო. რამდენი ადამიანი გყავთ დღეისათვის დასაქმებული და რა კრიტერიუმით მოხდა მათი შერჩევა ?
გეთანხმებით, რომ ხარისხიანი სერვისის უზრუნველსაყოფად კადრების პროფესიონალიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ეტაპზე კომპანია 30-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს და უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანების კვალიფიციურობა ნამდვილად არის პირადად ჩემი სიამაყის საბაბი. მათი შერჩევის პროცესს ძალიან დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ და შედეგმაც არ დააყოვნა, რადგან შოურუმში შემოსვლისთანავე თვალში საცემია აქ მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმი. ამ ფაქტს ჩვენი მომხმარებლებიც აღნიშნავენ. რასაკვირველია, კადრების სპეციალური ცოდნა და გამოცდილება ჩვენთვის პრიორიტეტული იყო მათი შერჩევის პროცესში, თუმცა, სტუდენტებსაც მივეცით გამოცდილების მიღების საშუალება, და მინდა გითხრათ, რომ ისინი არაჩვეულებრივად ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.
გარდა მოქნილი სერვისისა და პროდუქციის ფართო ასორტიმენტისა, რას ცვლის პოტენციური მყიდველებისთვის ის ფაქტი, რომ “ლექსუსს” ქვეყანაში ოფიციალური დილერი ჰყავს?
მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში “ლექსუსის” სადილეროს მომსახურება იაპონური სტუმართმოყვარეობის – “ომოტენაშის” პრინციპებზეა დაფუძნებული, რაც, თავის მხრივ, სამი ძირითადი ელემენტისგან შედგება: მომხმარებლის მოთხოვნილებების წინასწარ განჭვრეტა, ყურადღება ნებისმიერი დეტალისადმი იაპონური სიზუსტით და გულწრფელი მადლიერების გამოხატვა. მომსახურებისადმი ამგვარი ფილოსოფიური დამოკიდებულება უკვე კარგად აპრობირებულია “ლექსუსის” არსებობის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ფაქტია, რომ ეს ამართლებს, რადგან ბრენდზე მოთხოვნა მხოლოდ იზრდება. აგრეთვე სწორედ ასეთი მიდგომა – სტუმართმოყვარეობის იაპონური ხელოვნება – იქნება ინოვაცია არა მხოლოდ “ლექსუსის” მომხმარებლისთვის, არამედ მთლიანად ქართული საავტომობილო ბაზრისთვის და მომსახურების სფეროსთვის, რაც ქვეყანაში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. თუ ვისაუბრებთ ოფიციალური დილერის არსებობის უპირატესობებზე ტექნიკური თვალსაზრისით, ეს გახლავთ გარანტირებული ხარისხი და უსაფრთხოება.
როგორია თქვენი სტრატეგია უახლოეს წლებში საქართველოს ბაზარზე განვითარების თვალსაზრისით?
გარდა ზუსტად და მკაფიოდ გაწერილი მომსახურების სტანდარტებისა და პროცედურებისა, “ლექსუსის” მთავარი მიზანი მომხმარებლებისათვის მუდმივ სიახლეებსა და მოლოდინს მიღმა გამოცდილების შეთავაზებაა. ამ მხრივ “ლექსუსის” კრეატიული გუნდი მზად არის, ბევრი სიახლე და სიურპრიზი შესთავაზოს საკუთარ მომხმარებელს. რაც შეეხება საქართველოს ფარგლებში წარმომადგენლობის გაფართოებას, უახლოეს მომავალში ეს არ იგეგმება, რადგან ჯერ ერთი თვეც არ არის, რაც თბილისში შემოვედით, თუმცა ახლო მომავალში, რასაკვირველია, მოვიაზრებთ და ვგეგმავთ რეგიონულ ზრდას – მაგალითად, ბათუმში შოურუმის გახსნას. გაყიდვებს რაც შეეხება, ვვარაუდობთ, რომ “ლექსუს-თბილისის” გამოჩენის შემდეგ გაყიდული “ლექსუსის” ავტომობილების რაოდენობა 200 ერთეულს გადააჭარბებს. შესაძლოა, ერთი მხრივ, ამბიციური განაცხადი იყოს, თუმცა მეორე მხრივ გაყიდვების მზარდი ტენდენცია და ლოიალური მომხმარებლების არსებობა გვაძლევს სტიმულს და საფუძველს, გავხდეთ ნომერ პირველი ბრენდი პრემიუმ-სეგმენტში ბაზარზე ოფიციალურად შემოსვლიდან მხოლოდ ერთი წლის თავზე.
დატოვე კომენტარი