2017 წლის სექტემბრის შემდგომ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ქვეყნის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით, ბოლო ხუთ წელიწადში ყველაზე მაღალი შიდა რეიტინგი აქვს. მოსკოვში დაარსებულ დამოუკიდებელ ცენტრ Levada-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთის ლიდერის პოპულარობა მოსახლეობაში სწორედ მაშინ გაიზარდა, როდესაც პუტინს, საერთაშორისო მასშტაბით, უკრაინაში შეჭრის გამო აკრიტიკებდნენ.
გამოკითხვა 24-დან 30 მარტის ჩათვლით ჩატარდა და ჯამში რუსეთის 1,632 ზრდასრული მოქალაქე მოიცვა. Levada Center-ის კვლევით, რუსების 83% პუტინის, პრეზიდენტის რანგში საქმიანობას მხარს უჭერს, რაც იმავე ცენტრის მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ შედეგებს 12%-ით აღემატება. გარდა ამისა, რუსების 69% (თებერვლის გამოკითხვასთან შედარებით 17%-ით მეტი) ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. Levada-ს წინა გამოკითხვა თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე ჩატარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ავტორიტარული რეჟიმიდან გამომდინარე, რომელიმე ორგანიზაციის დამოუკიდებლობაზე საუბარი რთულია, Levada-ს გამოკითხვა ერთ-ერთ საუკეთესო გზად რჩება რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესაფასებლად. FiveThirtyEight-ი, საზოგადოებრივი აზრის შემფასებელი ამერიკული ვებსაიტი, Levada-ს „საზოგადოებრივი აზრის დამოუკიდებელ გამომკითხველს“ უწოდებს. გარდა ამისა, 2016 წლის ნაშრომში, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტიმოთი ფრაიმ აღნიშნა, რომ პუტინის რეიტინგთან დაკავშირებული გამოკითხვები ზოგადად ასახავს კიდეც რუსი საზოგადოების აზრს.
New York Times-თან Levada-ს დირექტორმა, დენის ვოლკოვმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, შედეგები რუსებს შორის პუტინის პოპულარობის ზრდის შესახებ რეალურია. ვოლკოვის დაკვირვებით, დასავლეთთან დაპირისპირებამ რუსეთის მოსახლეობა გააერთიანა. Levada-ს დირექტორის თქმით, ბევრი პუტინს „მცველად“ მიიჩნევს, რადგან სხვა შემთხვევაში მოწინააღმდეგეები მათ „ცოცხლად შეჭამდნენ“.
დატოვე კომენტარი