კორეულმა LG-მ ეკრანის ახალი დრეკადი ფირი შექმნა, რომლითაც დასაკეცი ტექნიკის ბაზრის ლიდერობას აპირებს – ამის შესახებ LG-ს პრესრელიზში ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ LG-ის ეკრანის ფირი, რომელსაც ორივე მხარეს არსებული გარკვეული დამცავი ფენა დაზიანებებისაგან იცავს, კომპანიის ქიმიკოსთა გუნდმა ახალი მასალის დახმარებით შექმნა. „პოლიიმიდის არსებული ფირებისა და თერმულად დამუშავებული შუშის მსგავსი მასალებისაგან განსხვავებით, ეკრანის ფირი, რომელსაც LG Chem-ის მიერ წარმოებული ზედაპირის საფარველი აქვს წასმული, ეკრანის დრეკადობას გაზრდის და დასაკეცი ტელეფონებისთვის ოპტიმალური არჩევანი გახდება, რადგან მათ ქრონიკულ პრობლემას – დაკეცვის ადგილას არსებულ დაზიანებებს აღმოფხვრის“, – აღნიშნავს LG Chem-ის წარმომადგენელი.
LG-ს ეკრანის ფირი, რომელსაც კომპანია „ნამდვილ დასაკეც შუშას“ უწოდებს, თხელი პლასტმასის მსგავსი PET-ტიპის ფირისაგან და მასზე წასმული რამდენიმე ათეული მიკრომეტრის სისქის ახალი მასალისაგან შედგება, რისი დახმარებითაც ფირი პლასტმასის ფუნქციებს ინარჩუნებს, მაგრამ უფრო თბოგამძლე ხდება. გარდა ამისა, სიმკვრივის კუთხით, ეს ფირი ბაზარზე არსებული თერმულად დამუშავებული შუშების იდენტურია, თუმცა ის არ იბზარება – იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას 200 ათასზე მეტჯერ გადაკეცავთ.
აღსანიშნავია, რომ PET-ტიპის ფირებს LG-ის მთავარი კონკურენტი, Samsung-იც იყენებს – კორეული გიგანტის ახალი თაობის დასაკეც სმარტფონებს – Galaxy Z Flip 3-სა და Galaxy Z Fold 3-ს სწორედ ამ ულტრათხელ დამცავ ფენას უყენებენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Samsung-ი დასაკეცი ეკრანების წარმოებას Google-ის ტელეფონებისთვისაც გეგმავს.
Omdia-ს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, დასაკეცი ტელეფონების ბაზარი 2026 წლისთვის 14-ჯერ გაიზრდება – 2020 წელს გამოშვებული 3.5 მილიონიდან, 2026 წელს გამოსაშვებ 50 მილიონამდე.
დატოვე კომენტარი