Chevrolet Bolt-ის ავტომანქანების ხანძრის შემთხვევების გამო, GM-ის მიერ თავისი წარმოებული მანქანების უკან გამოხმობისა და ელემენტების შეცვლისათვის საჭირო ხარჯების დასაფარავად, ამერიკული ავტომწარმოებლისათვის ელემენტების მიმწოდებელი, LG, GM-ს 1.9 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდის.
GM-მა 143 000 Bolt გამოიხმო უკან, რაც, შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის შემდეგ გაყიდული ამ ბრენდის ავტომობილების უმეტესობას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ დაპარკინგებულ Chevrolet Bolt-ის ავტომობილებს ხანძარი უჩნდებოდა, რაც კომპანიის მხრიდან ავტომობილების უკან გამოხმობის მიზეზი გახდა.
GM-ის გადაწყვეტილება, დანახარჯების გამო, ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი უკან გამოხმობის ოპერაციაა. მთლიანი ზარალი კომპანიისათვის 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც თითოეულ მანქანაზე 14 000 აშშ დოლარის დანახარჯს ნიშნავს. ავტომობილებს ლითიუმის შემცველი ელემენტების სრულად შეცვლა ესაჭიროება, შესაბამისად, მისი მაღალდანახარჯიანობა სწორედ აქედან მომდინარებს. ელემენტები ამგვარი ავტომობილებისათვის ყველაზე ძვირად ღირებულ ნაწილს წარმოადგენს.
GM-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ LG ამერიკული კომპანიის ღირებული და პატივსაცემი მომწოდებელია, შესაბამისად, კომპანია მიესალმება შეთანხმების მიღწევას. კომპანიის საინჟინრო და საწარმოო გუნდები აგრძელებენ LG-სთან თანამშრომლობას ახალი ელემენტების მოდულების დასამზადებლად. GM მოელის, რომ ელემენტების შეცვლის პროცესი მიმდინარე თვის ბოლოსათვის დაიწყება.
Bolt-ის ელემენტები LG-მ ამერიკულ ავტომწარმოებელს საკუთარი სამხრეთკორეული ქარხნიდან მიაწოდა. ამჟამად კი ეს ორი კომპანია ერთობლივი ქარხნის აშენებაზე მუშაობს ოჰაიოსა და ტენესის შტატებში. საწარმო GM-ის მომდევნო თაობების ელექტრომობილებისათვის ელემენტებს შექმნის. აღნიშნული გადაწყვეტილება GM-ის ახალი საწარმოო პოლიტიკის ნაწილი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ამერიკული ავტომწარმოებელი 2025 წლამდე 35 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს სრულად ელექტრო- და თვითმართვად ავტომობილებში. კომპანიის გათვლებით, ის ამ დროისათვის 30 ახალ ელექტრომობილს გამოუშვებს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ელექტრომობილების მომავალთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს, Bolt-ი ერთადერთი ავტომობილი გახლავთ, რომელსაც GM ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ყიდის.
Chevrolet Bolt-ის ირგვლივ განვითარებული სკანდალი კომპანიისათვის დიდი ზარალის მომტანი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ დიდია მატერიალური ზიანი, კომპანიას სამომავლოდ ახალი მომხმარებლების მიზიდვაც გაუჭირდება.
დატოვე კომენტარი