ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებები იგეგმება. სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმების საფუძველზე, მიმდინარე წლის მაისიდან ვასილ ხოდელი გენერალური დირექტორის პოზიციას დატოვებს და მის ადგილს ბექა გოგიჩაიშვილი დაიკავებს.
აღნიშნულ ცვლილებაზე განცხადება გააკეთა ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მურთაზ კიკორიამ: „ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა გულწრფელად დიდი მადლობა გადავუხადო ვასილ ხოდელს გაწეული სამუშაოსთვის და მისი წვლილისთვის ბანკის წამყვან, უნივერსალურ საფინანსო ინსტიტუტად ჩამოყალიბებაში.
ვასილ ხოდელის მმართველობის განმავლობაში, რომელიც პანდემიის ძალიან რთული პერიოდს დაემთხვა, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება. 2019 წლიდან დღემდე შესრულდა მრავალი ამოცანა, რომელიც ბანკმა დაისახა მიზნად: ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, მენეჯმენტის გუნდის ფორმირება, საკრედიტო პორტფელისა და ზოგადად ბიზნესის დივერსიფიკაცია. ლიბერთის მენეჯმენტის გუნდს სრულ ნდობას ვუცხადებთ დასახული სტრატეგიის აღსრულების პროცესში, ვასილ ხოდელს კი ვუსურვებთ წარმატებას.“
ბანკის ახალ CEO ბექა გოგიჩაიშვილს ფინანსური ანალიტიკისა და ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯმენტის მიმართულებით 10-წლიანი გამოცდილება აქვს. ის Hunnewell Partners Georgia-ს 2017 წელს ინვესტიციების მენეჯერის პოზიციაზე შეუერთდა და მას შემდეგ, აქტიურად იყო ჩართული ლიბერთი ბანკის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში. 2020 წლიდან ის იკავებდა ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას.
მურთაზ კიკორიამ გავრცელებულ განცხადებაში ახალ CEO-ზეც ისაუბრა: „მტკიცედ მჯერა, რომ მისი პროფესიული და პიროვნული თვისებები, ასევე ლიბერთის მმართველ გუნდთან თანამშრომლობის გამოცდილება სასიკეთოდ წაადგება ბანკს. წარმატებას ვუსურვებ ბექას და ლიბერთის მომავალი მიზნების მიღწევაში.“
ლიბერთი ბანკი საქართველოში სიდიდით მესამე სისტემური ბანკია, რომლის აქტივები 3 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკი 1.7 მილიონ ფიზიკურ პირსა და 50 ათას მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს ემსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით.
დატოვე კომენტარი