მარკ ცუკერბერგივერბალური თავდასხმის სამიზნე გახდა Libra-ს გამო (სხვა რამეებთან ერთად). Facebook-ის (ჯერ არარსებული) კრიპტოვალუტისა და გადახდების სისტემა გვაქვს მხედველობაში. ეს ცოტა ხნის წინ მოხდა, როცა Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი აშშ- ის პალატის ფინანსური სერვისების კომიტეტის წინაშე ჩვენებას იძლეოდა. პოლიტიკოსთა უმეტესობამ, რომლებმაც კარგად იციან, რაოდენ დაბალია დღეს Facebook-ისა და სხვა მაღალტექნოლოგიური გიგანტების რეპუტაცია, ვერ გაუძლეს ცუკერბერგის ლანძღვისა და გაკიცხვის ცდუნებას. რეალურად, კონფიდენციალობასა და ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება შესაძლებელია: Facebook-ი უკვე თანამშრომლობს რეგულატორებთან მსგავს საკითხებზე.
მიუხედავად ამისა, Facebook-თან ამ პროექტზე მომუშავე რიგი კომპანიები რეგულაციურმა წნეხმა აიძულა, თამაშიდან გასულიყვნენ.
ამას კი ნამდვილ მიზეზამდე მივყავართ, თუ რატომ აშფოთებს Libra-ს იდეა ამდენ პოლიტიკოსს, სახელმწიფო ბიუროკრატს, ბანკსა და ეკონომისტს მთელ მსოფლიოში: Libra-ს შესწევს ძალა, ცენტრალურ ბანკებს ის გაუკეთოს, რაც Uber-მა და Lyft-მა დამართეს ტაქსის კარტელებს… ძირი გამოუთხაროს მათ მონოპოლიებს ან, სულ მცირე, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.
Libra-ს ვალუტათა მთელი კალათა და უმაღლესი კლასის ფინანსური ინსტრუმენტები გაუმაგრებდა ზურგს, ამით კი ის სხვა დღევანდელი კრიპტოვალუტების ყველაზე დიდ ხარვეზებს დაძლევდა… და მათ არასტაბილურობასაც. ოთხიათასწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ოქროზე მიბმა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ Libra-ს კალათა მაინც განუზომლად მაღლა იდგებოდა ნებისმიერ არსებულთან შედარებით.
Libra-ს ამუშავების შემთხვევაში, Facebook-ის მომხმარებელი ციფრული საფულის, სახელად Calibra-ს, შეძენას შეძლებდა, მერე კი Libra-ს ერთეულებს Calibra-ს საფულის სხვა მფლობელს გაუგზავნიდა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. შედეგები მყისიერად რევოლუციური იქნებოდა. დღევანდელი სისტემის პირობებში, საზღვრებს გარეთ ფულის გზავნა ძვირი ჯდება, რომ აღარაფერი ვთქვათ საათებსა თუ დღეებზე, თანხის ანგარიშზე დასაჯდომად რომ არის საჭირო. ბანკები ამ პროცესიდან მთლიანად ჩაიხსნებოდნენ!
არადა, რა კომბინაციას გვთავაზობს Libra! მოსახერხებლობასა და ვალუტის სტაბილურობას.
კიდევ ერთი უშველებელი პლუსი ისაა, რომ ამგვარი ციფრული და მობილური სისტემა იოლად გახდიდა მისაწვდომს საბანკო სერვისებს იმ თითქმის 1 მილიარდი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში და 14 მილიონისთვის აშშ- ში, რომელთაც საბანკო ანგარიშები არა აქვთ. გასაოცარია (და მსოფლიოში ძალიან ცოტამ თუ იცის), მაგრამ ასეთი ციფრული საბანკო სფერო ყვავის კენიაში, სადაც მილიონობით ადამიანი – ქვეყანაში ტრადიციული საბანკო ფილიალებისა და სერვისების დეფიციტზე პასუხად – საბანკო აქტივობებს, პრაქტიკულად, მობილური ტელეფონებით ახორციელებს. ჩინეთიც სინათლის წელიწადებით უსწრებს აშშ-ს, როცა ციფრულ ტრანზაქციებზე მიდგება საქმე.
შეძლებს კი Libra ასეთ მტრულ პირობებში აფრენას? ცუკერბერგის პოზიცია მკაფიოა: აშშ- ის რეგულაციური ნებართვის გარეშე Facebook-ი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს. თუმცა რამდენადაც Libra-ს ინიციატივა ახლა ახალი Libra Association- ის – კომპანიების (მათ შორის, Facebook-ის) და არაკომერციული ორგანიზაციების – ხელშია და ფორმალურად Facebook-ისგან დამოუკიდებელი არის, ის შეიძლება, მაინც ჩაეშვას. მაგრამ რეალობაში, Facebook-ის გარეშე, Libra ვერაფერს გახდება.
საკმაო დიპლომატიური დახვეწილობა და პოლიტიკური უნარები იქნება საჭირო, Libra-მ ოფიციალურად რომ გადალახოს მის წინაშე არსებული ყველა დაბრკოლება, რაც დასანანია, იმიტომ რომ, რაღაც მომენტში, Libra-ს მსგავსი ამბავი მაინც მოხდება და კარგი იქნებოდა, მისი შემქმნელი ამერიკული კომპანია ყოფილიყო. როგორც ცუკერბერგმა ჩვენების მიცემისას განაცხადა, “მანამ ჩვენ ამ საკითხებზე დებატებს ვმართავთ, დანარჩენი მსოფლიო არ იცდის. ჩინეთი სწრაფი ტემპებით მუშაობს, მომდევნო თვეებში მსგავს იდეებს ხორცი რომ შეასხას. Libra… ამერიკის წამყვან ფინანსურ პოზიციას კიდევ უფრო გაამყარებს, ისევე როგორც ჩვენს დემოკრატიულ ღირებულებებსა და ლიდერის ბერკეტებს მსოფლიოში. ამერიკა თუ არ მიჰყოფს ხელს ინოვაციას, ჩვენი ფინანსური პირველობა გარანტირებული არ იქნება”.
დატოვე კომენტარი