ლიდერი ბუტიკური სასტუმროების მართვაში

ლიდერი ბუტიკური სასტუმროების მართვაში

DNT GROUP-ი ქართულ ბაზარზე 2021 წლის ნოემბერში გამოჩნდა. ის სასტუმროების მართვის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერების გაერთიანებით შეიქმნა. პროექტის მიზანი მშენებარე და უკვე მოქმედი სასტუმროებისთვის მენეჯერული მომსახურების გაწევა, მათ შორის დატვირთვის ზრდასა და სერვისის დახვეწაზე ზრუნვა, ასევე ობიექტების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

„სტუმარმასპინძლობის სექტორში ორწლიანი ოპერირების შედეგად, დღეს DNT Group-ის მართვის ქვეშ უკვე რვა სხვადასხვა ლოკაციაზე განლაგებული ბუტიკის ტიპის სასტუმროს 200 ნომერია. მათ შორის კომპანია თბილისში – ექვსს, რეგიონებში კი ორ ობიექტს მართავს“, – აღნიშნავს DNT Group-ის თანადამფუძნებელი დავით მესხი.

DNT Group-ი მომხმარებლებს შემდეგ მომსახურებას სთავაზობს: სასტუმროს დაგეგმარება/დეველოპმენტი; სასტუმროს მომზადება გახსნისთვის და კადრების შერჩევადატრენინგება; მოქმედი სასტუმროს მართვის გაუმჯობესება; სასტუმროს სრული მართვა; აუტსორს-გაყიდვები.

სასტუმროს სრული მართვის მომსახურება ძირითადად ორ სქემას მოიცავს – მართვის გადაბარება ფიქსირებული ყოველთვიური იჯარით ან მოგების გაყოფით. რაც შეეხება აუტსორს-გაყიდვებს, ეს მიმართულება განსაკუთრებით საინტერესო რეგიონული სასტუმროებისთვისაა.

„დღეს სასტუმროები მნიშვნელოვან გამოწვევებს აწყდებიან, როგორიცაა, მაგალითად, არასტაბილური ბაზარი, კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, გაზრდილი კონკურენცია, არასწორი საფასო პოლიტიკა და საქმის არასწორი დელეგირება. აღნიშნული კუთხით გამოწვევების წინაშე დგას თვითონ საქართველოც, რათა ტურიზმის განვითარების მიმართულებით სხვა ქვეყნებს სათანადო კონკურენცია გაუწიოს“, – აღნიშნავს DNT Group-ის თანადამფუძნებელი თათა ღოთვაძე.

კომპანიის ბოლო პროექტი ყაზბეგში 37-ნომრიანი სასტუმრო „მემუარია“, რომელიც მაისში გაიხსნა. მას მაღალი კლასის რესტორანი, ასევე 360-გრადუსიანი ტერასა აქვს, საიდანაც შთამბეჭდავი ხედები იშლება. ნომრების უმეტესობა გერგეთის სამებასა და მყინვარწვერს გადაჰყურებს. DNT Group-მა ამ პროექტის განსახორციელებლად საკმაოდ დიდი შრომა გასწია, ვინაიდან ობიექტი სრულ გამართვას საჭიროებდა როგორც ტექნიკური, ისე საკადრო, გაყიდვების, კვების საკითხებისა და ბევრი სხვა მიმართულებით. სასტუმროსთვის მთავარი გამოწვევა მაინც კადრები აღმოჩნდა, თუმცა DNT Group-მა პრობლემასთან გამკლავება მარტივად შეძლო.

DNT Group-ი განვითარებასა და ზრდას აგრძელებს, რასაც კომპანიის გენერალური მენეჯერი, ნინო ლომიძე ხაზგასმით აღნიშნავს: „ჩვენი გუნდის გეგმაშია, 2025 წლის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით სრულ მართვაში გვქონდეს სასტუმროს 500 ნომერი. მიმდინარე წელს დავიმატეთ ისეთი ობიექტები, რომლებსაც აქვს კვებისა და სასმელების დეპარტამენტი, შესაბამისად, სასტუმროს რესტორნის მართვა ჩვენთვის ახალი და საინტერესო გამოწვევაა“.

გარდა ამისა, კომპანია დაგროვილი გამოცდილების გამოყენებით სერვისის მომხმარებელთა საჭიროებებზე უკეთ მორგებასა და პარტნიორებისთვის სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს.

DNT ჯგუფის მიმდინარე საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: www.dntgroup.ge.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *