ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ლიეტუვა ევროკავშირის პირველი სახელმწიფო გახდა, რომელმაც რუსული გაზის იმპორტი სრულად შეაჩერა.
ლიეტუვის გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის, Amber Grid-ის მონაცემებით, 2 აპრილს, ლიეტუვა-ბელარუსის ურთიერთდამაკავშირებელი ხაზის საშუალებით ქვეყნისთვის რუსული გაზის იმპორტი 0 მგვტ/სთ-ს გაუტოლდა. ლიეტუვის მხრიდან რუსულ გაზზე უარის თქმა ევროპაში რუსეთის ენერგეტიკული შანტაჟისა და უკრაინაში ომის საპასუხო ნაბიჯია.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ლიეტუვამ ბუნებრივი აირის 100% რუსეთისგან მიიღო. ხოლო 2020 წელს გაზის იმპორტის 60% კვლავ რუს ენერგეტიკულ მწარმოებლებზე მოდიოდა. ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრის, დაინიუს კრეივისის თქმით, რუსული გაზის მიწოდებისგან დამოუკიდებლობა, მრავალწლიანი თანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკისა და დროული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების ნაწილია.
ლიეტუვისთვის ბუნებრივი აირის მოთხოვნის დაკმაყოფილება კლაიპედის თხევადი ბუნებრივი გაზის (LNG) ტერმინალით განხორციელდება. ათი წლის წინ დაარსებულ კლაიპედის LNG-ტერმინალს სიმბოლურად „დამოუკიდებლობას“ უწოდებენ. LNG-ტერმინალის ოპერატორის, Klaipedos Nafta-ს მონაცემებით, ტერმინალს ყოველთვიურად თხევადი ბუნებრივი გაზის ის რაოდენობა მიეწოდება, რაც საკმარისი იქნება მოსახლეობის სრულად დასაკმაყოფილებლად. დამატებითი საჭიროების შემთხვევაში გაზის მიწოდება შესაძლებელია ლატვიიდან, პირველი მაისიდან კი პოლონეთიდანაც.
რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება ლატვიამ და ესტონეთმაც მიიღეს. ლატვიის ბუნებრივი აირის მარაგის ოპერატორის, Conexus Baltic Grid-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, პირველი აპრილიდან რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება შეჩერდა ლატვიაში, ესტონეთსა და ლიეტუვაში.
დატოვე კომენტარი