როგორ ქმნის Jobcase-ი $1-მილიარდიან სოციალურ ქსელს საწყობების თანამშრომლებისა და მიმტანებისთვის.
საშა კონტრერასი სასოწარკვეთამ მოიცვა, როცა თავისი საათში $12-იანი კლიენტების მომსახურების სამსახურის მიტოვება და ვაშინგტონის შტატის ქალაქ იელმიდან გადაბარგება მოუწია. 2016 წლის თებერვალში მისმა ქმარმა მზარეულად დაიწყო მუშაობა პროვინციული მისისიპის კაზინოში. ერთი წლის შემდეგ საშამ აღმოაჩინა, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავდა და 17 წლის თანაცხოვრების შემდეგ ოჯახის დანგრევა მოუწია. უმუშევარი და მარტოსული, სიფხიზლის ყოველ წუთს Google-ში სამსახურის ძებნას ანდომებდა. შემდეგ კი ის გადააწყდა Jobcase-ს – სამუშაოს საძიებო სოციალური მედიის პლატფორმას ფიზიკური სამუშაოსა და მომსახურების ინდუსტრიის თანამშრომლებისთვის.
“ამ საიტმა ჩემი ცხოვრება პირდაპირი მნიშვნელობით შეცვალა”, – ამბობს 55 წლის კონტრერასი. უფასო გაწევრიანება მას საშუალელებას აძლევდა მილიონობით სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციასა და უცხო ადამიანების დაწერილი სასარგებლო პოსტების ნაკადს გაცნობოდა – იმ ადამიანების, რომლებიც სამსახურის ძებნის დამთრგუნველ გამოცდილებას უმკლავდებოდნენ. ერთ-ერთი წევრის მიერ დაპოსტილი ლინკის საშუალებით მან 2017 წლის ივლისში მომხმარებელთა მომსახურების სამუშაო იპოვა საათში $10-ის ანაზღაურებით. ორი წლის შემდეგ Jobcase-მა ის უკვე სხვა მომხმარებლამდე მიიყვანა, რომელიც მომსახურების სამუშაოში $13-ს იხდიდა. იმის მიუხედავად, რომ კონტრერასი არსად გადასვლას არ აპირებს, ის Jobcase-ში ყოველდღიურად შედის. “თუ ვხედავ რამეს, რაც გულზე მხვდება, ვპასუხობ, რადგან მახსოვს, როგორი შეგრძნება იყო სამსახურის ძებნა”, – ამბობს იგი.
“ჩვენ ეს ყველასთვის უნდა გავაკეთოთ”, – ამბობს ფრედერიკ გოფი, Jobcase-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი კონტრერასის ამბის მოსმენის შემდეგ. როცა მან კემბრიჯში, მასაჩუსეტში არსებული კომპანია 2015 წელს დააარსა, მიზნად დაისახა, მიეღწია იმისთვის, რაც ვერ შეძლო LinkedIn-მა _ ისეთი საიტი შეექმნა, სადაც 4-წლიანი კოლეჯის დიპლომის არმქონე, სამუშაო ასაკის ამერიკელების 80% ნეტვორკინგს, სამსახურის მოძებნას და საკუთარი კარიერის მართვას შეძლებდა. (LinkedIn-ის სპიკერი ამბობს, რომ კომპანიის მისია ყოველთვის იყო მთელი სამუშაო ძალის მხარდაჭერა.)
გოფმა $118.5 მილიონი მოიზიდა საინვესტიციო რაუნდზე, რომელშიც Pitchbook-ს Jobcase-ი $445 მილიონად ჰქონდა შეფასებული. გოფის გასული წლის შემოსავალი, რომელიც $100 მილიონს უკაკუნებს, მოდის 2000 კომპანიიდან, მათ შორისაა Amazon-ი, Pizza Hut-ი და FedEx-ი. ერთი განცხადების გამოქვეყნებაში ისინი იხდიან $199-ით დაწყებული და და $5000-ით დამთავრებული Jobcase-ის ორგანიზებული დასაქმების ღონისძიებაში. Jobcase-მა უკვე გააფორმა თავისი სამიზნე 197 მილიონი ამერიკელიდან 110 მილიონი და გოფი მომდევნო 18 თვის განმავლობაში გლობალური საიტის გაკეთებას გეგმავს. G20-ის ქვეყნებში, ადამიანების 84%-ს უმაღლესი განათლება არა აქვს. ამ ბაზრის ხელში ჩაგდება, როგორც ის ამბობს, მის კომპანიას მილიარდი მომხმარებლისა და $1-მილიარდიანი შეფასების ექსპრეს-მარშრუტზე დასვამდა.
52 წლის გოფი იზიარებს იმ გამოწვევებს, რომლებიც მისი მომხმარებლების წინაშე დგას. მისი მამა, ყოფილი მეზღვაური, ცხოვრების დაზღვევის აგენტად გახდომამდე, ტოლედოში Chrysler-ის ქარხნის სიჩქარეების გადამრთველი კოლოფების ხელოსნად მუშაობდა. გოფმა მაგისტრის ხარისხი Carnegie Mellon-ში მიიღო, მაგრამ სწავლის დასრულება მას 1990-იანების რეცესიის დროს მოუწია და ოთხი თვე ტოლედოში ჭურჭლის რეცხვაში გაატარა. რაღაც პერიოდი ის ოპციონებით მოვაჭრედ მუშაობდა ნიუ-იორკში, სანამ MIT-ში ტექნოლოგიების მენეჯმენტში მაგისტრის მეორე ხარისხს მოიპოვებდა. მან გადაიტანა მეორე რეცესია და დათანხმდა სამსახურზე, რომელიც მაინცდამაინც არ ხიბლავდა მთავარი საინფორმაციო ოფიცერის პოზიციაზე Oklahoma City-ს ენერგეტიკულ კომპანიაში, ხოლო შემდეგ კემბრიჯის ჰეჯ-ფონდში Percipio Capital Management-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. იმის მერე, რაც კომპანიამ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს კრახი განიცადა, მან თავისი პარტნიორები დაარწმუნა, მისთვის მხარი დაეჭირათ ახლად შექმნილი Percipio Media-ს საქმეში, რომელიც სხვა საიტებიდან ამოკრებილი სიებით შედგენილი სამუშაო განცხადებების უბრალო საიტს წარმოადგენდა.
კომპანიამ საქმე კარგად ააწყო, მაგრამ 2014 წელს ლას-ვეგასში გამართულ ადამიანური რესურსის კონფერენციაზე ის მიხვდა, რომ ადამიანებს, რომლებიც სამუშაო განცხადებებს ეძებდნენ, დახმარება სჭირდებოდათ. LinkedIn-ი თავისი დახვეწილი, რეზიუმეების ტიპის პროფილებით ვერაფერს სთავაზობდა მის მეგობრებს, რომლებიც ტოლედოს Kinko-ში მძიმედ შრომობდნენ. გოფმა Percipio-ს სამუშაო განცხადებები შვილობილ საიტზე გადაიტანა, მოახდინა გუნდის რეორგანიზება და Jobcase-ი წამოიწყო. მისი სიტყვებით, მისი პრიორიტეტი იყო “საზოგადოების” აშენება. მისი ბირთვი იყო პოსტების ის ნაკადი, რომელმაც საშა კონტრერასს სამსახურის ძებნის ხუთთვიან პროცესში ემოციური მხარდაჭერა გამოუცხადა.
რამდენი წევრი ნახულობს სამსახურს საიტის საშუალებით? სტატიისთვის ინტერვიუზე მოწვეული 31 წევრიდან (Forbes-ი ორის გარდა, ყველას დამოუკიდებლად დაუკავშირდა), მხოლოდ ორმა იშოვა სამსახური Jobcase-ის მეშვეობით, თუმცა ყველამ განაცხადა, რომ მათ მოსწონდათ საზოგადოება. “ეს ძალიან კარგი ფორუმია აზრის გამოსახატავად” , – ამბობს რონდა იეიტსი, საიტის 51 წლის წევრი, რომელმაც ლექსინგტონის (კენტუკის შტატი) შეფუთვების მიმწოდებელ კომპანიაში პროდუქციის განრიგის შემდგენის სამსახური სხვა საიტის საშუალებით იპოვა.
წევრების დიდი ნაწილი არ იტყობინება სამსახურის წარმატებით პოვნის შესახებ, მაგრამ, გოფის შეფასებით, გასულ წელს მილიონმა ადამიანმა, ანუ 1%-მა იპოვა სამსახური Jobcase-ის საშუალებით. ეს პაწაწინა მონაცემი თანამშრომლებს გულს არ უცრუებს. რეკორდულად დაბალი უმუშევრობის პერიოდში კომპანიები არ მოელიან, რომ განცხადებები პირდაპირ აპლიკაციების შემოდინებას გამოიწვევს, ამბობს JR კელერი, ადამიანური რესურსების მეცნიერების პროფესორი კორნელის უნივერსიტეტიდან. “კომპანიები ისე გაფაციცებით ეძებენ ძალიან კარგ ადამიანებს, რომ თუ შენ 100 მილიონისგან შემდგარი საზოგადოება გყავს, ისინი შენთან განცხადებას გამოაქვეყნებენ, იმიტომ რომ შანსის ხელიდან გაშვება არ სურთ”, – ამბობს ის. Jobcase თავიდანვე მოგებიანი იყო, ამბობს გოფი, მაგრამ 2018 წლიდან მოყოლებული ის დიდ ფულს ხარჯავს წევრების მოსაზიდად. ივნისში მან Chicago Urban League-ის საქალაქო შრომის ბაზრობა დააფინანსა, რის შედეგადაც 8000 ახალი წევრი მიიღო.
გოფი ისეთ სამყაროზე ოცნებობს, სადაც Jobcase-ს ექნება საკმარისი გავლენა, რომ მუშახელმა შეძლოს მისი გამოყენება უკეთესი სამუშაო პირობების ადვოკატირებისთვის. “ჩვენ გვინდა კაპიტალიზმის მხარდაჭერა არა მხოლოდ აქციონერების ფასეულობის, არამედ მუშახელის ფასეულობის გაზრდითაც, – ამბობს ის. – ეს კი წევრებიდან იწყება”.
დატოვე კომენტარი