LinkedIn-ი საკუთარ მომხმარებლებს ახალ ფუნქციონალს სთავაზობს – Cover Story საშუალებას მოგცემთ, საკუთარი თავი უკეთ წარუდგინოთ თქვენს კონტაქტებს ან პოტენციურ დამსაქმებლებს. აღნიშნული სიახლე საზოგადოებას პლატფორმის CPO-მ, ტომერ კოენმა ბლოგის სახით გააცნო.
„პროფესიული თავგადასავლის ყველაზე საინტერესო ნაწილი მისი მოტივირების ისტორიაა. არ არსებობს ორი ერთნაირი პროფესიონალი – თქვენი კარიერული გზები, უნარები, ოცნებები და მისწრაფებები უნიკალურია. თქვენი პროფესიული თავგადასავლის ავთენტიკური და მიმზიდველი ფორმით მოყოლა მნიშვნელოვანი სასტარტო წერტილია თქვენთვის მნიშვნელოვან აუდიტორიასთან ურთიერთობისას“, – სწორედ ასე წარუდგინა საზოგადოებას კოენმა ახალი ფუნქციონალი.
Cover Story ფუნქციონალია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თქვენს ანგარიშს დაურთოთ ვიდეო, რომელშიც პერსონალიზებული იქნება თქვენი პირველი „გამარჯობა“ ახალი კონტაქტებისა და დამსაქმებლებისთვის. მას შემდეგ, რაც დაამატებთ ვიდეო Cover Story-ის, თქვენი პროფილის ფოტოს ირგვლივ ნარინჯისფერი წრე გაჩნდება. ამასთან, თქვენი ვიდეოწარდგენა ავტომატურად, უხმო რეჟიმში ჩაირთვება თქვენი პერსონალური გვერდის ვიზიტორებისთვის. კოენი აღნიშნულ ფუნქციონალს „ჰარი პოტერის“ ეფექტს უწოდებს.
ახალი ფუნქციონალის დამატება პლატფორმამ კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვიტა. აშშ-ში დამსაქმებლების 76%-ს მიაჩნია, რომ აპლიკანტების მიერ წინასწარ ჩაწერილი ვიდეოები პოტენციური თანამშრომლის შერჩევაში მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტი იქნებოდა.