LinkedIn-მა, თითქმის ბოლო ათწლეულში პირველად, პრემიუმ გამომწერების ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები გამოაქვეყნა. უახლესი მონაცემებით, 2023 წელს, ბიზნესიდან სოციალური მედიის კომპანიამ $1.7 მილიარდი გამოიმუშავა, რაც პლატფორმის მუშაობაში ხელოვნური ინტელექტის ჩართულობის ზრდას უკავშირდება.
LinkedIn-ის მთავარი საოპერაციო ოფიცრის, დენ შაპიროს ინფორმაციით, 2023 წელს პრემიუმ აბონენტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. შაპიროს განცხადებით, პლატფორმის მომხმარებლების 70%-ს წვდომა აქვს ხელოვნური ინტელექტის ახალ ინსტრუმენტებზე და 90% მათ დადებითადაც აფასებს.
სოციალური ქსელი Microsoft-მა 2016 წელს შეისყიდა. მას შემდეგ, LinkedIn-ს ფინანსური მაჩვენებლები აღარ გამოუქვეყნებია. საერთო ჯამში, ფისკალურ 2023 წელს, კომპანიის შემოსავალმა $15 მილიარდს მიაღწია, საიდანაც $7 მილიარდი პროგრამული უზრუნველყოფის ბიზნესზე მოდის, რომელიც კორპორაციულ დამსაქმებლებს ტალანტების რეკრუტირების პროცესში ეხმარება.
ამასთან ერთად კი, გასულ წელს, LinkedIn-ი სააბონენტო ბიზნესის განვითარებაზეც აქტიურად მუშაობდა. პლატფორმაზე დაემატა ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებიც, რომელიც ვაკანსიის სკანირების შესაძლებლობას იძლევა და სამუშაოს მაძიებლის რეზიუმეზე დაყრდნობით, ვაკანსიასთან შესაბამისობას ავტომატურად საზღვრავს.
AI-ის სისტემა მომხმარებლებს LinkedIn-ის პროფილი შეცვლაშიც ეხმარება და შეუძლია ავტომატურად შექმნას დამსაქმებლებისთვის გასაგზავნი წერილობითი შეტყობინებებიც.
დატოვე კომენტარი