Linkedin-მა სამუშაოდ საუკეთესო იმ ამერიკული კომპანიების სია გამოაქვეყნა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, თანამშრომლებს კარიერული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობებით უზრუნველყოფს.
კომპანიები Linkedin-მა 7 კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია. ეს კრიტერიუმებია: წინსვლის შესაძლებლობა, უნარების განვითარება, კომპანიის სტაბილურობა, გარე შესაძლებლობები, კომპანიის აფინირება, გენდერული მრავალფეროვნება და საგანმანათლებლო ფონი.
სიაში შესასვლელად თითოეულ კომპანიას 31 დეკემბრის მდგომარეობით მინიმუმ 500 თანამშრომელი უნდა ჰყოლოდა, ხოლო 2020 წლის განმავლობაში პერსონალის შემცირების მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო 10%-ზე ნაკლები.
მიუხედავად იმისა, რომ Amazon-მა, რომელიც ამ სიაში პირველ ადგილზეა, ახლახანს ზოგიერთი თანამშრომლის პროტესტი დაიმსახურა, კომპანია პერსონალს ზრდის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. Amazon-მა 205 მილიონი დოლარი დახარჯა თანამშრომელთა უნარების 2025 წლამდე გაუმჯობესების პროგრამებზე. ამასთან, მას აქვს ტექნიკური სასწავლო აკადემია, რომელიც აფინანსებს თანამშრომლებს ტექნიკური უნარ-ჩვევების სწავლის სურვილის შემთხვევაში. ამას გარდა, კომპანიას აქვს მექატრონიკისა და რობოტიკის შეგირდობის პროგრამა ამ სფეროებით დაინტერესებული თანამშრომლების მოსამზადებლად.
დანარჩენი კომპანიები, რომლებსაც აღნიშნულ სიაში ხედავთ, გამოირჩევიან სამართლიანობით და დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილის შექმნით. ისინი თანამშრომლებს უწყვეტი განათლების, სოციალური სამართლიანობის პროგრამებისა და დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების უპირატესობებს სთავაზობენ.
აღსანიშნავია, რომ სიის შექმნის პროცესში LinkedIn, მისი მშობლიური კომპანია Microsoft და Microsoft-ის სხვა შვილობილი კომპანიები არ განხილულა.
- Amazon უმსხვილესი ამერიკული ინტერნეტ-მაღაზიაა. პანდემიის მიუხედავად, მისი შემოსავლები სტაბილურად იზრდება და კომპანია მუდმივად ზრდის თანამშრომელთა რაოდენობასაც. Amazon-ს ამჟამად 1.3 მილიონი ადამიანი ჰყავს დასაქმებული და გუნდში წამყვანი სპეციალისტებისა და მენეჯერების შენარჩუნებას ახერხებს.
- Alphabet-ს 135,301 ადამიანი ჰყავს დასაქმებული სრულ განაკვეთზე. კომპანია თავის თანამშრომლებს მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის შესანიშნავ ფინანსურ სარგებელს სთავაზობს. შვებულების განმავლობაში თანამშრომლებს შეუძლიათ, ისარგებლონ სრულად ანაზღაურებადი მგზავრობით. ამასთან, კომპანია დასაქმებულებს შვილად აყვანის დახმარების ანაზღაურების სპეციალური პროგრამითაც უზრუნველყოფს.
- JPMorgan Chase & Co ერთ-ერთი წამყვანი ბანკია ამერიკის შეერთებულ შტატებში. კომპანია აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების დასაქმებას და მისი თანამშრომლების რაოდენობა 256,981-ს უტოლდება.
- AT&T სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომლის დასაქმებულთა რაოდენობამ 230,000 შეადგინა, რაც AT&T-ს აშშ-ის სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს Verizon-ის, T-Mobile-ისა და Sprint-ის წინ.
- Bank of America ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკია, რომელიც 137,072 ადამიანს ასაქმებს და თანამშრომლებს რამდენიმე სახის დაზღვევით უზრნულველყოფს. ესენია: ჯანმრთელობის, სტომატოლოგიური, მხედველობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სიცოცხლის და სიცოცხლის დამატებითი დაზღვევა. ამას გარდა, კომპანიის უპირატესობეს შორის შედის: მოქნილი ხარჯვის ანგარიში (FSA) და ჯანმრთელობის შემნახველი ანაბარი (HSA).
- International Business Machines Corporation (IBM) ამერიკული მრავალეროვნული სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 170-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 345,900 ადამიანი და 2021 წლის ბოლოს IBM 5000-ზე მეტი თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს.
- Deloitte მსოფლიოს მასშტაბით ოთხი დიდი საბუღალტრო/აუდიტორული ფირმის შემოსავლების გათვალისწინებით 2019 წელს ამერიკაში გეოგრაფიული რეგიონის მიხედვით საუკეთესო ფირმად შეირჩა, სადაც მან 22.1 მილიარდი აშშ დოლარი გამოიმუშავა. კომპანიას 334,800 თანამშრომელი ჰყავს, გაცილებით მეტი, ვიდრე მის კონკურენტს EY-ს, რომელიც 298,965-ს ასაქმებს.
- Apple ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციაა, რომელიც სამომხმარებლო ელექტრონიკასა და მასთან დაკავშირებულ პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 123,000-ზე მეტი ადამიანი და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების შესატანად თანამშრომლებს პრიორიტეტად მიიჩნევს.
- Walmart მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, ამერიკული ღია სააქციო კორპორაციაა, რომელიც 2.2 მილიონ ადამიანს ასაქმებს მსოფლიოს მასშტაბით. მათი მთავარი ღირებულებებია: ინდივიდუალური პატივისცემა, ბრწყინვალებისკენ სწრაფვა და ერთიანობის დაცვა.
- EY ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალეროვნული პროფესიონალური მომსახურების ქსელია, რომელსაც 298,965 თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული. კომპანია Deloitte-თან, KPMG-სა და PricewaterhouseCoopers-თან ერთად დიდი საბუღალტრო ფირმების ოთხეულს აერთიანებს. ის უზრუნველყოფს მომხმარებელთა დაზღვევას (რომელიც მოიცავს ფინანსურ შემოწმებას), საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებას. ბოლო წლებში EY საგრძნობლად გაფართოვდა ბუღალტრული აღრიცხვის მიმდებარე ბაზრებზე, სტრატეგიის, ოპერაციების, ადამიანური რესურსების, ტექნოლოგიისა და ფინანსური მომსახურების კონსულტაციის ჩათვლით.