Linkedin-მა ევროპის 6 უდიდეს ქვეყანაში მუშაობისა და კარიერული განვითარებისთვის საუკეთესო 3-3 კომპანია გამოავლინა. ეს სია Linkedin-ის მონაცემებს ეყრდნობა და მოიცავს იმ კომპანიებს, რომლებიც არა მარტო წარმატებით იზიდავენ ახალ, ნიჭიერ კადრებს, არამედ არსებული თანამშრომლების განვითარებაშიც ახორციელებენ ინვესტიციებს. კომპანიები Linkedin-მა ისეთი 7 კრიტერიუმით შეარჩია, რომელთაგან თითოეული კარიერული ზრდისთვის საჭირო მნიშვნელოვან ელემენტს მოიცავს. ეს კრიტერიუმებია: კომპანიის სტაბილურობა, წინსვლის უნარი, უნარების განვითარება, გარე შესაძლებლობები, კომპანიის აფინირება, გენდერული ბალანსი და საგანმანათლებლო ბექგრაუნდი.
საფრანგეთი
- Orange – ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწე ამ კომპანიაში ყველაზე მოთხოვნადი თანამდებობებია: ბიზნესანალიტიკოსი, ქლაუდ (cloud)-ინჟინერი, ქსელის ტექნიკოსი. საინტერესოა, რომ Orange-ი აქტიურად ასაქმებს ახალგაზრდა ადამიანებს. 2021 წლისთვის კომპანია 5000-ზე მეტი მომუშავე სტუდენტისა და სტაჟიორის აყვანას გეგმავს.
- Capgemini – კომპანია დაკავებულია ინფორმაციული ტექნოლოგიებითა და სერვისებით( Java, SQL, ინჟინერია). ამჟამად მოთხოვნადი პროფესიებია: ქსელის ინჟინერი, კვლევისა და განვითარების (R&D) ინჟინერი, უსაფრთხოების კონსულტანტი. 2020 წელს Capgemini-ის მსოფლიოს სხვადასხვა ფილიალში 45,000 ადამიანი დასაქმდა. 2021 წლისათვის კომპანია საფრანგეთში 2,700 ახალგაზრდა ადამიანის დაქირავებას გეგმავს.
- SNCF – საფრანგეთის რკინიგზის კომპანია. მოთხოვნაა მონაცემთა ანალიტიკოსზე, გრაფიკულ დიზაინერსა და წარმოების დირექტორზე. პანდემიის პირობებში როგორც ზოგადად ტრანსპორტირების სფეროსთვის, ისე SNCF-სთვის მიყენებული ზარალის მიუხედავად 2021 წელს კომპანია 4,500 პერმანენტული და 7,000 მოკლევადიანი (სტაჟირებები) თანამშრომლის აყვანას აპირებს.
გერმანია
- Siemens – ამ ძველ და მსოფლიოში ცნობილ კომპანიაში ამჟამად მოთხოვნადი ვაკანსიებია: პროდუქციის ხელმძღვანელი, ენერგიის ხელმძღვანელი, იურიდიული კონსულტანტი.
- Volkswagen – მიუხედავად Tesla-სნაირი კონკურენტისა, მიმზიდველი სამუშაო პირობებით, უხვი ბონუსებითა და წლიური ანაზღაურებებით, VW ახერხებს გუნდში წამყვანი სპეციალისტებისა და მენეჯერების შენარჩუნებას.
- Adidas – პანდემიით გამოწვეული დიდი სირთულეებისა და კომპანიის შიგნით რასიზმის გარშემო დატრიალებული სკანდალის მიუხედავად, Adidas-ს გაფართოების დიდი სამომავლო გეგმები აქვს: 2025 წლისთვის კომპანია ონლაინბიზნესის განვითარებაში 1 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს.
იტალია
- Intesa Sanpaolo – იტალიის ყველაზე დიდი ბანკი. 2020 წელს კომპანიაში დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების რიცხვი 81,000 გახდა, როდესაც 2015-ში დისტანციურ რეჟიმში 14,000 მუშაობდა. 2024 წლისთვის ბანკი 3,500 ახალი თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს, ხოლო ამჟამად კომპანიაში მოთხოვნადი პროფესიებია: კორპორაციული სპეციალისტი, გაყიდვების სპეციალისტი, ფულის მენეჯერი.
- Accenture – კიდევ ერთი ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სერვისების (SQL, Java) სფეროში მოღვაწე კომპანია. საინტერესოა, რომ Accenture-მა თავისი თანამშრომლების უნარების გასაზრდელ ტრენინგებში 850 მილიონი ევრო დახარჯა.
- Stellantis – ავტომობილების მწარმოებელი ეს კომპანია, რომელიც ცნობილია ისეთი ბრენდების წარმოებით როგორიცაა Peugeot, Jeep-ი და Opel-ი, 2021 წელს, ორი სხვა კომპანიის შეერთების შედეგად შეიქმნა. ვინაიდან Stellantis-ი ელექტრომანქანების წარმოებაზე ფოკუსირებას გეგმავს, კომპანია თავისი კადრების შესაბამისად გადამზადებასაც აპირებს.
ნიდერლანდები
- KPMG – ბუღალტერიის დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთი კომპანია. პანდემიის გავლენის მიუხედავად, ნიდერლანდების ფილიალში გეგმავს ახალი თანამშრომლების დაქირავებას როგორც ბუღალტერიის, ისე კონსალტინგის მიმართულებით.
- Capgemini – კომპანია საუკეთესო სამეულში საფრანგეთის გარდა ნიდერლანდებშიც აღმოჩნდა. ნიდერლანდებში კომპანია ძალიან საინტერესო პროექტზე: ქვეყნის საპენსიო ფონდისთვის ახალი პლატფორმის შექმნაზე მუშაობს.
- TNO – კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც მუდმივად ეძებს როგორც ყველა დონის (სტაჟიორებით დაწყებული, ძალიან მაღალი თანამდებობებით დამთავრებული), ისე ძალიან ბევრ სფეროში კვალიფიცირებულ (დედამიწის მეცნიერებებით დაწყებული, მექანიკური ინჟინრებით დამთავრებული) თანამშრომლებს.
ესპანეთი
- NTT – კვლავ ინფორმაციული ტექნოლოგიებითა და სერვისებით( Java, SQL, ანალიტიკა) დაკავებული ეს კომპანია ეძებს არა მარტო კარგი ტექნიკური უნარების, არამედ ენების მცოდნე ადამიანებსაც.
- Indra – საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ტექნოლოგიურ მომსახურებებსა და თავდაცვის სისტემებში. პანდემიის დროს კომპანიამ თავისი თანამშრომლების ონლაინსწავლების პროგრამები გააფართოვა.
- Telefónica – ტელეკომუნიკაციებით დაკავებული საერთაშორისო კომპანია. საინტერესოა, რომ კომპანიის სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე თანამშრომლებმა კომპანიის ერთიანობის გაძლიერების მიზნით ესპანეთში მდებარე ოფისებში დაიწყეს დაბრუნება.
გაერთიანებული სამეფო
- Barclays – კომპანია დაკავებულია ფინანსური სერვისებით. 2020 წელს Barclays-იმ არა მარტო დანერგა ახალი, დისტანციური მუშაობის სისტემა, არამედ მეტად დაიწყო ფოკუსირება ინკლუზიურობაზე (ქალებისა და უმცირესობებისთვის პირობების გაუმჯობესება).
- Tesco – მულტინაციონალური ბრიტანული სასურსათო სუპერმარკეტების ქსელი. კლიენტების მომსახურება კომპანიის მთავარი ღირებულებაა. ქსელი დიდ ყურადღებას აქცევს თავისი თანამშრომლების ციფრული უნარების განვითარებას.
- NatWest Group – საბანკო მიმართულებებით მომუშავე კომპანია. პანდემიის დროს მიღებული გამოცდილების შედეგად კომპანია გეგმავს, მოქნილობა სამუშაო გარემოს საკვანძო ნაწილად აქციოს. ბანკი გეგმავს ჰიბრიდული მოდელის შემოღებას, რომელიც დააბალანსებს დისტანციურ და ოფისში სამუშაო დროს.