ლიზინგის ბაზრის ლოკომოტივი

ლიზინგის ბაზრის ლოკომოტივი

საქართველოში ლიზინგის ბაზარი ნახევარ მილიარდ ლარს შეადგენს, რომლის უმსხვილეს, 70%-იან წილს TBC Leasing-ი იკავებს.

თუ მცირე მეწარმე, სტარტაპერი, დიდი ბიზნესის მფლობელი ან თუნდაც ფიზიკური პირი ხართ, რომელსაც აქტივის შეძენა სურს და ამისათვის საჭირო თანხა არ გააჩნია, ყველაზე სწრაფი, მოხერხებული და კომფორტული გზა მის მისაღებად არის ლიზინგი.

საქართველოში ამ მომსახურების შესახებ ბევრს ინფორმაცია არა აქვს, ან თუ აქვს, ეს ინფორმაცია არასწორი და არასრულია.

მსოფლიოში ლიზინგის მიმართ ინტერესი და მისით სარგებლობის შემთხვევები, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემით, წლიდან წლამდე მზარდია. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან საბანკო- საფინანსო მომსახურების განვითარების პარალელურად, მომხმარებელთა ქცევაც იცვლება. მსგავსი ტენდენციაა საქართველოშიც, სადაც პირველი კომპანია, ვინც ეს მომსახურება მომხმარებელს შესთავაზა, TBC Leasing-ი იყო. კომპანია 2004 წელს დაარსდა და მუშაობა ხუთკაციანი ჯგუფით დაიწყო, დღეს კი 125 ადამიანს ასაქმებს და სალიზინგო ბაზრის ლოკომოტივს წარმოადგენს.

ეს ყველაფერი ციფრებში შემდეგნაირად გამოიყურება: საქართველოში ლიზინგის ნახევარმილიარდიან ბაზარზე TBC Leasing- ის წილი 70%-ს და, შესაბამისად, 330 მილიონ ლარს შეადგენს.

 “უკვე ჩანს, რომ ბიზნესმა მიიღო ეს პროდუქტი და გაიცნო, როგორც მისთვის საჭირო და მასზე მორგებული. ეს არის მარტივი, სწრაფი მომსახურება. მაშინ როდესაც რაიმე ნივთის შეძენის შემთხვევაში სტანდარტულად საჭიროა ბევრი ბიუროკრატია, იპოთეკა, გირავნობა და ა.შ., ლიზინგის შემთხვევაში აქტივის შესაძენად მხოლოდ განაცხადის გაკეთება და მცირე დრო საკმარისია”, – აღნიშნა Forbes-თან ინტერვიუში TBC Leasing-ის გენერალურმა დირექტორმა გაგა გაგუამ. TBC Leasing-ი მომხმარებლის მაგივრად ყიდულობს აქტივს, ხოლო მას შემდეგ, რაც მომხმარებელი მის საფასურს დაფარავს, რომელიც წლებზე ან შეიძლება თვეებზე იყოს გადანაწილებული, აქტივი მის მფლობელობაში გადადის. გარდა იმისა, რომ ამ მომსახურებას ფიზიკური პირებიც აქტიურად იყენებენ და მათი წილი TBC Leasing-ის შემთხვევაში დაახლოებით 25%-ია, შეიძლება ითქვას, რომ იგი განსაკუთრებით ხელსაყრელი ბიზნესისთვისაა.

“წარმოიდგინეთ, იწყებთ ბიზნესს და იყენებთ ლიზინგს გარკვეული ინვენტარის შესაძენად. ლიზინგი ამ შემთხვევაში არის ერთგვარი მხარდამჭერი, რომელიც განვითარებისკენ გიბიძგებს. აქედან გამომდინარე, ლიზინგის მომსახურება ძალიან მოსახერხებელია სტარტაპებისთვის, რომელთა დაფინანსებაზეც საბანკო სექტორს უფრო კონსერვატიული მიდგომები აქვს. ამასთან ჩართულები ვართ ყველა სახელმწიფო პროგრამაში, იქნება ეს “აწარმოე საქართველოში”, “უმასპინძლე საქართველოში”, APMA თუ სხვა. შესაბამისად, ლიზინგით დახარჯული ერთი თეთრი ნიშნავს ეკონომიკაში ჩადებულ ერთ თეთრს”, – განმარტა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

TBC Leasing-ი მომხმარებელს, გარდა სასურველი აქტივის შეძენისა, სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, რაც დაკავშირებულია აქტივის მოძიებასთან, ტრანსპორტირებასა და შეძენა- დამონტაჟებასთან. მომხმარებელს კი ამაში არც დრო ეხარჯება და არც ენერგია. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, TBC Leasing-ი ამ კუთხითაც ხელსაყრელია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურ პროცენტს სთავაზობენ სექტორის, გამოცდილებისა და ვალუტის მიხედვით.

TBC Leasing-ი წარმოდგენილია თითქმის ყველა სექტორში, რომელსაც რაიმე სახის აქტივის დაფინანსება სჭირდება, მათ შორისაა სამშენებლო, სამედიცინო, მომსახურების სფერო, ავტობაზარი და აგროსერვისი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში სალიზინგო ბაზრის მოცულობა ორი წლის წინ 250 მილიონი ლარი იყო, 2019 წლის მონაცემებით კი იგი 500 მილიონამდეა გაზრდილი. მიმდინარე წლის ამბიციური გეგმის მიხედვით, TBC Leasing-ი თავისი წილის კიდევ უფრო გაზრდას აპირებს. ამ კუთხით, 2020 წელი კომპანიამ უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯით დაიწყო. კერძოდ, TBC Leasing-ს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა “BB-” რეიტინგი მიანიჭა, რაც არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია. ეს კომპანიისთვის მეტ სანდოობასა და მეტ საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს. უფრო მეტიც, იგი არა მხოლოდ TBC Leasing-ის, არამედ მთლიანად საქართველოს სალიზინგო ბაზრის სანდოობას ზრდის.

“ჩვენ გვყავს რამდენიმე კონკურენტი კომპანია ბაზარზე, მაგრამ ისინი ასევე არიან პარტნიორებიც, ვინაიდან ჩვენ ერთად ვავითარებთ ამ სფეროს. ძალიან დიდი გამოწვევაა, რომ კარგი გარემო საკანონმდებლო დონეზე შევქმნათ. გვინდა, რომ ჩვენი კანონმდებლობა სალიზინგო საქმიანობასთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამებოდეს”, – აღნიშნა TBC Leasing-ის ფინანსურმა დირექტორმა ნუგზარ ლოლაძემ.

TBC Leasing-ს კვალიფიციური გუნდი ჰყავს, რომელიც ინოვაციებზე, სალიზინგო ბაზრის განვითარებასა და კომპანიის წინსვლაზე ფიქრობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი მუდმივად მუშაობენ თანამშრომელთა განვითარებაზეც, ვინაიდან მხოლოდ ბედნიერი თანამშრომელი ქმნის საუკეთესო, მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტს. მომხმარებელი კი მიმდინარე წელს არაერთ სიახლეს უნდა ელოდოს TBC Leasing-ისგან. მათ შორის, ამჟამად კომპანიაში მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ სალიზინგო მომსახურების მიღება დისტანციურადაც გახდეს შესაძლებელი.

ამასთან, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ფასიანი ქაღალდების გამოშვებასაც აპირებს. თებერვლის დასაწყისისთვის იგეგმება დაახლოებით 60 მილიონი ლარის ფასიანი ობლიგაციების გამოშვება, რაც ლოკალური ბაზრის განვითარებისთვის მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

[RECOMMENDED]

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *