Lockheed Martin-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმს ტაიკლეტის განცხადებით, კორპორაცია ტანკსაწინააღმდეგო სისტემის, ჯაველინის რაკეტების წარმოების გაორმაგებას გეგმავს. CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იარაღის მწარმოებელი კომპანიის CEO-მ აღნიშნა, რომ ყოველწლიური წარმოება 2,100 ერთეულიდან 4,000-მდე გაიზრდება.
გასულ კვირას, ალაბამაში მდებარე Lockheed Martin-ის საწარმოს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სტუმრობდა. აღნიშნული ქმედება ბაიდენის მხრიდან კონგრესზე გავლენის მოხდენას ემსახურებოდა მის მიერ წარდგენილი $33-მილიარდიანი დახმარების პაკეტის დასამტკიცებლად, რომელიც უკრაინისთვის არის განკუთვნილი.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 3.4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარება მიაწოდა. ამერიკელების მიერ მიწოდებულ სამხედრო დახმარებაში ჯაველინებთან ერთად, ჰაუბიცები, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი სტინგერი და კიდევ სხვა სახის შეიარაღებაც იყო.
Lockheed Martin-მა აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში მიმდინარე საომარი ქმედებების გამო შეიარაღებაზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად მიიღო. თუმცა, სამხედრო კონტრაქტორის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანია მხოლოდ ჯაველინის რაკეტების წარმოების გაზრდით არ შემოიფარგლება.
დატოვე კომენტარი