ფრანგული კოსმეტიკის მწარმოებელი L’Oreal-ი აპირებს მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის მოადგილე ნიკოლას იერონიმუსი კომპანიის ახალ ხელმძღვანელად დაასახელოს. ის ჟან პოლ აგონს ჩაანაცვლებს, რომელიც L’Oreal-ს დიდი ხნის განმავლობაში ედგა სათავეში. ამის შესახებ ფრანგული მედია იტყობინება.
როგორც მოსალოდნელია, ეს გადაწყვეტილება დირექტორთა საბჭოს სხდომაზე დღეს უნდა მიიღონ.
56 წლის იერონიმუსის კარიერა Garnier-ის შამპუნების და Lancome-ს საცხების წარმოებას ეძღვნება. ის L’Oreal-ს 1987 წელს შეუერთდა როგორც პროდუქტების მენეჯერი, შემდეგ ის არაერთი მიმართულებით მუშაობდა კომპანიაში, მათ შორის პროფესიონალური და ძვირადღირებული პროდუქტების განყოფილებებშიც.
ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ინფორმაციით, ის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობას მომავალი წლის აპრილიდან შეუდგება.
რაც შეეხება ამჟამინდელ ხელმძღვანელს, აგონი L’Oreal-ის რიგით მეხუთე აღმასრულებელი ხელმძღვანელია კომპანიის 113-წლიანი ისტორიის მანძილზე. ის L’Oreal-ის CEO-ს პოსტს იკავებს 2006 წლიდან. მან წლის დასაწყისში განაცხადა, რომ 2021 წლიდან აპირებს დატოვოს თანამდებობა, როდესაც მას 65 წელი შეუსრულდება.
L’Oreal-ში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
დატოვე კომენტარი