ჯეფ კუნსმა ლუი ვიტონთან ერთად მუშაობა დაიწყო ტყავის ნაწარმის კოლექციის შექმნაზე, რომელიც მოიცავს 51 აქსესუარს, მათ შორის – ჩანთებს. კოლექცია წარმოადგენს მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ხელოვნების ნიმუშთა ერთგვარ ინტერპრეტაციას. “ოსტატთა” კოლექციას საფუძვლად უდევს ჯეფ კუნსის 2015 წლის სერია “მომზირალი ბურთები”, სადაც ტიციანის, ელ გრეკოს, მანეს და სხვათა ფერწერული ტილოების ზუსტ ასლებს წინიდან ლურჯი მინის ბურთები აქვს მიმაგრებული. ფრანგული მოდის სახლთან თანამშრომლობისას ჯეფ კუნსმა გადაწყვიტა, ლუი ვიტონის ხელწერული აქსესუარები ლეონარდო და ვინჩის, რუბენსისა და ვან გოგის ნამუშევრების რეპროდუცირებით დაემშვენებინა.
ლუი ვიტონის ჩანთები ჯეფ კუნსისთვის იქცა ტილოებად, რომლებზეც მან “ოსტატთა” კოლექცია გადაიტანა. ზურგჩანთები, კლაჩები, ტევადი სამგზავრო ჩანთები და აბრეშუმის შარფები იმ აქსესუართა შორისაა, რომლებზეც და ვინჩის “მონა ლიზა”, რუბენსის “ვეფხვზე ნადირობა” და ვან გოგის “კვიპაროსები ხორბლის მინდორში” არის გამოსახული. აქსესუარები გაჯერებულია ოქროს მონოგრამებით, ამრეკლი ლითონის ასოებითა და ფერადი ორნამენტებით. „მხატვრების სახელების ამრეკლავი გამოსახულება „მომზირალი ბურთების” ფუნქციას ასრულებს. ადამიანის ჩანთასთან დამოკიდებულებაც ასევე გარკვეულწილად არეკვლის პროცესს წარმოადგენს”, – ამბობს ჯეფ კუნსი ორი ოსტატის თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ექსკლუზიური ტყავის ჩანთების შესახებ.
დატოვე კომენტარი