კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, ერთმანეთს ორი ქართველი, ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაუპირისპირდა. ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება წილად მაისურაძეს ხვდა, რომელმაც დამატებით დროში ვაზარით მოიგო. შედეგად, მან ოქროს მედალი და მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. ოლიმპიური ჩემპიონი ბექაური კი ტურნირზე ვერცხლის მედალს დასჯერდა.
აღსანიშნავია, რომ ფინალში გამარჯვებამდე მაისურაძემ მერვედფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზე მიჰაელ ზგანკი დაამარცხა, რომელთანაც ჯერ ვაზარი მოიპოვა, საბოლოოდ კი იპონით მოუგო. ლუკა მეოთხედფინალში ნიდერლანდელ ნოელ ვან ტ ენდს შეხვდა, მეტოქეს სამი შიდო მიაღებინა და ამგვარად გაიმარჯვა. ნახევარფინალში მაისურაძე კრისტიან პარლატის დაუპირისპირდა და იტალიელს ვაზარით მოუგო.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსან ლაშა ბექაურს, მან მერვედფინალში სერბი ნემანია მაიდოვი ვაზარით დაამარცხა. მეოთხედფინალში კი ლაშა რუს მანსურ ლორსანოვს დაუპირისპირდა, რომელიც ტურნირზე ნეიტრალური ინდივიდუალური ათლეტის რანგში ასპარეზობდა. ბექაურმა მეტოქე ორი ვაზარით დაამარცხა. ამის შემდეგ, ნახევარფინალში ის იაპონელ სანშირო მურაოს შეხვდა. თავიდან ქართველი ვაზარზე დაეცა, თუმცა ორი ვაზარის წყალობით გამარჯვება და ფინალში გასვლა შეძლო.
შეგახსენებთ, გუშინ 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც ეს ტიტული უკვე მეორედ მოიპოვა. ტურნირზე თავი კიდევ ერთმა ქართველმა გამოიჩინა – გიორგი სარდალაშვილმა 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიგო.